Accessibility links

კურტ ვოლკერი: ოკუპაცია არ უნდა იყოს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის დამაბრკოლებელი, თუ...


კურტი ვოლკერი

ამერიკელი დიპლომატი, „მაკკეინის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო დემოკრატიულ კურსს შეინარჩუნებს, ოკუპაცია არ უნდა გახდეს დაბრკოლება ნატოსთან ინტეგრაციისთვის.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ვოლკერი მონაწილეობდა ვაშინგტონში, „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართულ კონფერენციაში, რომელზეც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დასავლური ინტეგრაციის ისტორია და ევროატლანტიკური ინსტიტუტების სამომავლო გეგმები განიხილეს.

„საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა ვიხილეთ. სადაც არჩევნები ასე, თუ ისე წარმატებულად ტარდებოდა, ბოლო არჩევნების გამოკლებით, რომელზეც იყო დარღვევები. მათ ახლა, შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე, ექნებათ კიდევ ერთი შესაძლებლობა. ისინი ახლახან გადავიდნენ პროპორციულ წარმომადგენლობაზე, და აუცილებელია, სწორი მიმართულებით წავიდნენ წინ და უზრუნველყონ ამ შესაძლებლობის გამოყენება. თუ საქართველო სწორი მიმართულებით სვლას გააგრძელებს, და ეს ჯერ ისევ სათუოა, და შეინარჩუნებს დემოკრატიულ კურსს, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ერთადერთი შემაკავებელი რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია იქნება და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს დაბრკოლებად გადაიქცეს“ - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

მისივე თქმით, ქართველებს ესტონეთის, სლოვაკეთის თუ გერმანიის მოქალაქეების მსგავსად უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობა. „ჩვენ არ უნდა ვგრძნობდეთ თავს კომფორტულად იმ გარემოებაში, როცა ადამიანები ტალინში, ბრატისლავაში, ბერლინში უსაფრთხოდ არიან და ადამიანები კიევსა და თბილისში - არა. რა განსხვავებაა? ყველას საერთო მისწრაფებები აქვთ. ჩვენ, ნატომ ეს მაშინ შევძელით როცა გარემოებები რთული და საფრთხის შემცველი იყო. სირთულეებმა არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ამას ახლა ვერ შევძლებთ. ჩვენ უნდა დავრჩეთ ამ ღირებულებების ერთგული და ვეცადოთ გავაერთიანოთ ევროპა მათ გარშემო“ - თქვა კურტ ვოლკერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG