Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყაზტრანსგაზის" ნაცვლად დედაქალაქს "თბილისი ენერჯი" მოემსახურება


თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის აქციების 100 % ქართულმა ბიზნეს-ჯგუფმა, „თბილისი ენერჯიმ“ შეიძინა. მისი ინფორმაციით, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მართვის რეჟიმი 2019 წლის 3 მაისს გაუქმდა და კომპანიის გადაბარება „თბილისი ენერჯიმ“ დაიწყო.

„დღეიდან კომპანია რებრენდიგის პროცესს იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სახელის ცვლილების გარდა გულისხმობს ბრენდი ლოგოს, ფერის და სხვა ელემენტების სრულად განახლებას. გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქის მცხოვრებლებს „თბილისი ენერჯის“ სახელით მოემსახურება” - ნათქვამია კომპანიის მიერ 31 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

“თბილისი ენერჯი“ პრიორიტეტად ასახელებს დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არ განახლებულა.

„თბილისი ენერჯის“ განცხადებითვე, კომპანია ითვალისწინებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც გაზის უსაფრთხო მოხმარებას უკავშირდება და აბონენტებთან ერთად, რომლებიც კანონმდებლობით თავად არიან პასუხისმგებლები საკუთარ ფართში გაზდანადგარების სწორ ექსპლუატაციაზე, სექტემბრიდან გეგმავს ფართომასშტაბიან კამპანიას ბუნებრივი გაზის უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად.

კომპანიის ცნობითვე, დაწყებულია „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამუშაოები ქსელის რეაბილიტაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში.

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ყოველწლიურად იგეგემება საშუალოდ 30 მილიონიანი ინვესტიცია. „თბილისი ენერჯი წარმოადგენს ქართულ ბიზნეს ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტი თითოეული მომხმარებელია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ყაზტრანსგაზი,“ რომელსაც ყაზახური კომპანია „ყაზმუნაი გაზი“ ფლობდა, თბილისს 2006 წლიდან ემსახურებოდა. 2009 წელს, მრავალმილიონიანი დავალიანების გამო, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიას სპეციალური მმართველი დაუნიშნა.

XS
SM
MD
LG