ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოფელ ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში დააკავეს 4 მსხვილი ნარკორეალიზატორი - ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინებით, 30 ივლისს დაკავებული პირები სისტემატურად ასაღებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას.
შსს-ს განცხადებით, ამ პირებისგან სამართალდამცველებმა რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა.
გამოძიება მიმდინარეობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით, რომელიც 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის კოდექსის ამავე მუხლით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფონიჭალაში დააკავეს კიდევ ერთი პირი. გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, მას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას აღმოუჩინეს 4 კილოგრამამდე ჰეროინი.
შსს-ს ცნობითვე, 27 ივლისს, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც 20 კილოგრამი მარიხუანის შემოტანას ცდილობდა.