Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი 1 აგვისტოს სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარს გაყიდის


ლარის კურსის დრამატულ ცვლილებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებას იწყებს და 1 აგვისტოს 40 მილიონ დოლარს სავალუტო აუქციონზე გაყიდის.

„ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.

ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას“, -
ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 31 ივლისს გაავრცელა.

30 ივლისს დოლარის კურსმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და კომერციულ ბანკებში 1 ამერიკული დოლარის ფასი 3 ლარი გახდა, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი კი 2,9507 იყო. ამავე დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ლარი "თინეიჯერივით" თავისუფალია, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად, პრემიერმა კი აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტა ზედმეტად არის გაუფასურებული. ზაფხულის განმავლობაში ოფიციალური პირები ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ტურისტების კლებას და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს აბრალებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG