Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა


გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ახალი პირველი მოადგილე დავით ფარცვანია(მარცხნივ) 1 აგვისტოს წარადგინა
გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ახალი პირველი მოადგილე დავით ფარცვანია(მარცხნივ) 1 აგვისტოს წარადგინა

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია. თანამდებობები დატოვეს გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ჯიქიამ და მოადგილემ, კობა ქანთარიამ.

სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ 1 აგვისტოს, ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს წარუდგინა ახალი პირველი მოადგილე დავით ფარცვანია. ის დღემდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსად.

ჯერჯერობით ვაკანტურია გუბერნატორის მეორე მოადგილის თანამდებობა. ალექსანდრე მოწერელიამ ყოფილ მოადგილეებს, ირაკლი ჯიქიას და კობა ქანთარიას მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მათ თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს.

ირაკლი ჯიქიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობა თავად დატოვა, რადგან სხვა სამსახური შესთავაზეს. თუმცა, ჯიქია ჯერჯერობით არ ამბობს, სად გააგრძელებს მუშაობას.

რაც შეეხება კობა ქანთარიას, მისი განცხადებით, რწმუნებულის ადმინისტრაციაში საჭიროა ახალი ენერგია და ცვლილებები დროული იყო. ქანთარიას ინფორმაციით, სამსახურს სთავაზობენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ირაკლი ჯიქია სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო. პირველ მოადგილედ ჯიქიას დანიშვნამდე ამ თანამდებობას იკავებდა კობა ქანთარია, რომელმაც 2018 წლის აგვისტოდან მუშაობა გუბერნატორის მოადგილედ გააგრძელა.

XS
SM
MD
LG