Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია: თუ დამიჭერენ, დროს წიგნების კითხვასა და ძილში გამოვიყენებ


ნიკა გვარამია დაჭერის ალბათობას სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად არ მიიჩნევს, მაგრამ პირობას დებს, რომ მისი „მთავარი დამჭერი“ ციხეში ძალიან დიდი ხნით მოხვდება - ამ შინაარსის განცხადებები „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გააკეთა რუსთაველის გამზირზე, „სირცხვილიას“ მე-9 გადაცემაში სტუმრობისას.

„მე არ ვიტყვი, რომ დაჭერა უმძიმესი ამბავი იქნება ქვეყნისთვის და არც მე განვიხილავ ამას სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად. ჩემთვის ეს იქნება დრო, რომელსაც, მართალი გითხრათ, გამოვიყენებ ძილში და კითხვაში. მეტი არაფერი და გამოვალ გარეთ... მაგრამ მთავარი, ვინც მე დამიჭერს, აი ის რომ შევა, ძალიან დიდხანს ვერ გამოვა - ამის პირობასაც აქ ვდებ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 2 აგვისტოს, 11 საათზე მოწმის სახით გამოკითხავენ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გვარამიას გამოკითხვა იგეგმება იმ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც “სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის“ საქმეს შეეხება.

ნიკა გვარამიამ ეს პროცესი პირადად ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა. გადაცემა „სირცხვილიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ ივანიშვილი დაანონსებული ახალი ტელევიზიების შექმნის პროცესს ებრძვის და განტევების ვაცსაც ეძებს იმის გასამართლებლად, თუ რატომ ხურავს „რუსთავი 2“-ს.

„ამით ბიძინა ივანიშვილი ანეიტრალებს ორ ახალ ტელევიზიას, რომელიც შეიძლება იყოს ფანჯარა დამოუკიდებელი აზრისთვის, როგორც აქამდე იყო „რუსთავი 2“ და ჯერ კიდევ არის, რადგან გმირი ჟურნალისტები იბრძვიან უკიდურესად მტრული გარემოს მიუხედავად... მაგრამ ეს მალე ალბათ აღარ იქნება და მალე გავაცნობიერებთ, რას ნიშნავს ასეთი ფანჯარა საქართველოსთვის.

ამით ის ანეიტრალებს ნიკა გვარამიას, რომელიც პრაქტიკულად, გადაწყვეტილად იქნება დირექტორი ახალი, ძალიან კარგი ტელევიზიისა... მე მაქვს ამბიცია, რომ ეს იყოს „რუსთავი 2“-ზე უკეთესი ტელევიზია და ძალიან მალე... და ამით ანეიტრალებს ძალიან კრეატიულ ჯგუფს, რომელიც აკეთებს მეორე ტელევიზიას... ისინი საკუთარ ამბიციებზე და გეგმებზე თავად იტყვიან... ეს არის განეიტრალების მცდელობა, რა თქმა უნდა.

ასევე არის მეორე ამოცანა, რასაც ასრულებს, მას სჭირდება განტევების ვაცი, რომ თქვას - რატომ ხურავს „რუსთავი 2“-ს... რომ, აი, ნიკა გვარამიამ პირობითად რაღაც ფული წაიღო“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

XS
SM
MD
LG