Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად რატიანის ნარინჯისფერი კოშმარი და დიდი პოეზია


სალომე ასათიანის პოდკასტი

გადმოწერა

"რაც ცალსახად მინდოდა და მინდა არის ის, რომ არ ვიყო ამ ამბის მძევალი. ხომ არის ხოლმე - ყველა ცხოვრებას აქვს თავისი ლოგიკა, თავისი რიტმი, თუნდაც მალული და უჩინარი საფრთხეები. ეს ამბავი ყველაფრიდან ამოვარდნილი იყო - ჩემი ცხოვრებიდან, მისი რიტმიდან. უცებ სხვის ცუდ კინოში მოვხვდი და მერე ეს კინო აღარ დამთავრდა" - ასე იწყებს პოეტი და მთარგმნელი, ზვიად რატიანი, 2017 წლის 23 დეკემბრის ავბედითი ღამის გახსენებას. ღამისა, როცა დაიწყო მისი კოშმარული ისტორია - რომლის გამოც, საბოლოოდ, მას საქართველოს დატოვება მოუხდა.

ზვიად რატიანი და სალომე ასათიანი, პრაღა, 20 ივლისი, 2019
ზვიად რატიანი და სალომე ასათიანი, პრაღა, 20 ივლისი, 2019

ის ღამე და „რატიანის საქმე“ ბევრისათვის სახელმწიფოს ძალადობის ერთ-ერთი სინონიმი, თუ სიმბოლო გახდა. ზვიადის მონათხრობი, რომ ის პოლიციელებმა ქუჩაში გააჩერეს, მისი ნარინჯისფერი ქურთუკი, თუ ნასვამი მდგომარეობა აიგდეს აბუჩად, ბორკილები დაადეს და რამდენჯერმე, დაუნდობლად სცემეს, მოგვაგონებდა ჭეშმარიტად კაფკიანური მასშტაბის კოშმარს - რომელშიც თავისი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი უეცრად აღმოჩნდება ხოლმე სახელმწიფოს რეპრესიული მექანიზმების, გაუგებარ ენაზე მეტყველი სოციო-ბიუროკრატიული აპარატების, ინიდივიდის გამსრესი საზოგადოებრივი ძალების (ან, ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის) წინაშე.

ასათიანის კუთხე

ასათიანის კუთხე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00
სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

თავად ზვიადი ამ ამბავს „რეპეტიციას“ უწოდებს - იმ, გაცილებით უფრო მასშტაბური ძალადობისთვის „მზადებას“, რომელიც სახელმწიფოსგან მას შემდეგ დაატყდათ თავს მოქალაქეებს, თუნდაც 20 ივნისის ღამეს, დემონსტრანტებისთვის დამიზნებით ნასროლი რეზინის ტყვიების სახით. „ჩემი პატარა ამბავი, თუნდაც ცუდი ამბავი, მართლა არ არის მოსატანი უბედურების ამ მასშტაბურ შემთხვევებთან. მაგრამ მიკროსკოპიული მასშტაბით მაშინაც იგივე მოხდა - უბრალოდ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ. პოლიციური ამბები, საზოგადოება, ტელევიზიები, პროპაგანდა ამოქმედდა ერთი ადამიანის წინააღმდეგ“ - ამბობს ის.

ახლა ზვიადი ავსტრიაში ცხოვრობს და ახალ წიგნზე მუშაობს. თავისი ძალდაუტანებელი, გამჭვირვალე, როგორც თავად უწოდებს „თხელი“ ქართულით კვლავ ქმნის ინტენსიურ ატმოსფეროებს და ზუსტ, დეტალურ, ლამის დოკუმენტურ სურათებს, წამებსა თუ მომენტებს. კვლავ იყენებს მისთვის ჩვეულ ფორმას - უჩვეულოდ „გაწყვეტილ“ სტრიქონებსა და ფრაზებს, რომლებიც თითქოს აცდენილია ლექსის მეტრულ ლოგიკას. მის ლექსებში მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა - თუმცა, თემატური თვალსაზრისით, უფრო ინტენსიური გახდა გზების, ხეტიალის, მონატრების, დანაკარგის, თუ დაკარგულობის თემები.

ერთ ასეთ ახალ, საოცარ ლექსს, სათაურით „სასახლე ტბასთან“, ზვიადი თავად წაგვიკითხავს. ამის გარდა, მოგვიყვება იმ უკვე საქვეყნოდ ცნობილი ნარინჯისფერი ქურთუკის ტრაგიკომიკურ ბედზე, თავისი საეტაპო, უძლიერესი ლექსი-მანიფესტის - „ნეგატივი. ოცი წლის შემდეგ“ - შექმნის ისტორიაზე და, რაც უნდა უცნაური იყოს, მოულოდნელ და საინტერესო მსგავსებაზე პოეზიასა და კავშირგაბმულობის ერთი შეხედვით პროზაულ სამყაროს შორის.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG