პარლამენტის დეპუტატის, "ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა მდგომარეობა ნორმალურია.
ხოშტარიას განცხადებით, მთავარი პრობლემაა, რომ მათ ახლობლებთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ.
„ეს არის დამატებითი ტერორი. ერთი ადამიანის გარდა არც ერთი, არათუ არანაირ კავშირში არ არის რაიმე პარტიასთან, საერთოდ ზოგმა პარტიის დასახელებები არ იცოდნენ. ზოგმა გავრილოვის საკითხი საღამოს გაიგო და არათუ ძალადობა, პირიქით, ზოგი ეხმარებოდა დაზარალებულებს. ეს ადამიანები არიან მძევლები ამ ხელისუფლების და არანაირი კავშირი ძალადობასთან არ აქვთ. თუ იყო ცალკეული შეტაკება პოლიციელებთან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უმრავლეს შემთხვევაში ამოჭრილია კადრები, სადაც უკვე ამ ადამიანების რეაქციაა, მანამდე მათ მოხვდათ პოლიციისგან“ - უთხრა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მყოფი 10 ბრალდებულის მონახულების შემდეგ.
დეპუტატის შეფასებით, დღეს „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ დათხრილი თვალები გადაფაროს მოგონილი ჯგუფური ძალადობით.
საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სულ პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი.