Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის პრეზიდენტმა დახურა "წამების სახლის" სახელით ცნობილი ციხე


უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკატ მირზოევმა გასცა ბრძანება დაიხუროს ქვეყნის ჩრდილოდასავლეთში მდებარე ჟასლიკის ციხე - ადგილი, რომელიც დიდი ხანია დაკავშირებულია წამების პრაქტიკასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან.

ციხის დახურვის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწოდა "ჭეშმარიტად ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია მსჯავრდებულთა გამოსწორების პროცესის ... და უცხოეთში ქვეყნის დადებითი იმიჯის გასაძლიერებლად".

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები და გაერო უზბეკეთს წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ ამ ციხის დახურვისკენ.

ეს ციხე მდებარეობს უზბეკეთის ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც ცნობილია ძალიან ცივი ზამთრით და ცხელი, მშრალი ზაფხულით. ხალხში ჟასლიკს უწოდებდნენ "წამების სახლს" და "ადგილს, საიდანაც აღარ ბრუნდებიან". იმ მსჯავრდებულთა ნაწილი, რომელიც გადაურჩა ჟასლიკში პატიმრობას, ყვებოდა იქ მიმდინარე წამების თაობაზე - მათ შორის ელექტროშოკის გამოყენების, სექსუალური ხასიათის წამების, ფრჩხილების ამოძრობის და საკვებისა და წყლის გარეშე სამარტოო საკანში ხანგრძლივად განთავსების შესახებ. ყოფილმა ავტორიტარმა პრეზიდენტმა, ისლამ ქარიმოვმა ეს ციხე გახსნა ტერიტორიაზე, რომელიც უწინ საბჭოთა კავშირის სამხედრო ბაზა იყო. ციხე გაიხსნა იმ მიზნით, რომ მასში მოეთავსებინათ ათასობით ადამიანი, რომლებიც დააპატიმრეს 1999 წელს ტაშკენტში მომხდარი სისხლიანი აფეთქებების შემდეგ. ამ აფეთქებებს მთავრობა "რელიგიურ ექსტრემისტებს" აბრალებდა.

მირზოევი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი გახდა მას შემდეგ, რაც 2016 წლის სექტემბერში ქარიმოვის სიკვდილი გამოცხადდა. მას შემდეგ მირზოევმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა რეფორმების გასატარებლად, იმ ფონზე, როცა ქარიმოვის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG