Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვიშხეთში მუშების გაფიცვა გრძელდება


ქვიშხეთში გაფიცვას განაგრძობენ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები. პროფკავშირების ინფორმაციით, გაფიცულია 60 მუშა.

პირველი არხის ცნობით, გაფიცულებმა გვირაბის შესასვლელი ჩაკეტეს. გვირაბში იმყოფება მისი მშენებელი კომპანიის, ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ ათამდე თანამშრომელი, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან.

მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასის გაზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. 5 აგვისტოს უშედეგოდ დასრულდა დამსაქმებელთან მოლაპარაკება, რომელშიც „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. გაფიცულების ინფორმაციით, ჩინურმა კომპანიამ უარი თქვა დღიური ანაზღაურების 20-დან 30 ლარამდე გაზრდაზე.

“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მიერ 5 აგვისტოს, საღამოს გავრცელებული განცხადების თანახმად, მუდმივმოქმედ ფილიალში დასაქმებულებმა ვალდებულების შესრულებაზე უარი 3 აგვისტოს თქვეს და განმარტავენ, რომ გაფიცულები არიან, თუმცა, ამის შესახებ კომპანიისთვის წერილობით არ მიუმართავთ და არ განუხორციელებიათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.

კომპანიის ინფორმაციით, დასაქმებულები უკმაყოფილებას გამოთქვამენ შვებულების და განაცდური დღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით და ითხოვენ ხელფასის მომატებას.

„კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას დააკმაყოფილოს ყველა კანონიერი მოთხოვნა, რაც გამომდინარეობს საქართველოს შრომის კანონმდებლობიდან, მათ შორის შვებულებასთან და განაცდური დღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით დასაქმებულებს შევთავაზეთ რამდენიმე ვერსია სახელფასო სისტემის დაანგარიშებისათვის. მიუხედავად მრავალმხრივი მცდელობისა, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამჟამად მოქმედი შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულების მიმართ გათვალისწინებულია როგორც ძირითადი ხელფასი, ისე დანამატი და ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის განკუთვნილი დამატებითი ანაზღაურება, რაც საერთო ჯამში ბევრად აღემატება დასაქმებულთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მათი დღიური ანაზღაურების 20 ლარით განსაზღვრასთან დაკავშირებით“ - ნათქვამია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG