Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანია! - ბაქოს პასუხი ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას


ფაშინიანი სტეფანაკერტში
ფაშინიანი სტეფანაკერტში

ბაქოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად დაგმეს 5 აგვისტოს სტეფანაკერტში პანსომხური სპორტული თამაშების გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული არაორაზროვანი განცხადება: „არცახი - (მთიანი ყარაბაღი) ეს სომხეთია. წერტილი!“ .

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანია. ის ჩვენი ისტორიული და განუყოფელი მიწაა
ჰიქმეთ ჰაჯიევი

მეშვიდე პანსომხური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა თქვა ასევე, რომ უნდა მოხდეს „ყოველთა სომეხთა პოტენციალის კონცენტრირება“ ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად.

„მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანია. ის ჩვენი ისტორიული და განუყოფელი მიწაა“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პასუხად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა.

ბაქოდან სომხეთის პრეზიდენტი დაადანაშაულეს გაეროს დოკუმენტების, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის აზრის იგნორირებაში.

„მსგავსი პროვოკაციული მოწოდებებით სომხეთის ხელისუფლება რეგიონს სერიოზული კრიზისის წინაშე აყენებს. დაე, ნურავის ნუ შეეპარება ეჭვი, რომ აზერბაიჯანი აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას. პასუხისმგებლობა შედეგებზე სომხეთის მხარეს დააწვება“, - აღნიშნა გაჯიევმა.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთთან დაპირისპირებაში იმყოფებიან სომხებით დასახლებული სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო, რომელმაც ბაქოსაგან დე ფაქტო დამოუკიდებლობას მიაღწია 1990-იანი წლების სამხედრო კონფლიქტის შედეგად. შეიარაღებულ კონფლიქტს სამი წლის განმავლობაში 30 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ათასობით კი დევნილად იქცა.

1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში კვლავ იღუპებიან ადამიანები საზღვარზე მომხდარი შეტაკებებისა თუ ორმხრივი სპონტანური საბრძოლო მოქმედებების შედეგად.

ნებისმიერი შედეგი, მიღწეული მოლაპარაკებების დროს, მისაღებად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, თუ ის მისაღები იქნება სომხეთისა და არცახის მოსახლეობისათვის
ნიკოლ ფაშინიანი

საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესმა, რომელსაც, „მინსკის ჯგუფის“ სახით, ეუთო უდგას სათავეში, ჯერჯერობით ვერ უზრუნველყო კონფლიქტის მყარი მოწესრიგება.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგი ვერბალური დაპირისპირება მოჰყვა სტეფანაკერტში სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის „სომხეთად“ გამოცხადებას და, ამასთანავე, იმის აღნიშვნას, რომ ყარაბაღის სტატუსის გარშემო აზერბაიჯანთან გამართული მოლაპარაკებები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ „იმ შედეგების დაცვას, რომელიც მოპოვებულია არცახის ხალხის მიერ თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისათვის ბრძოლით“.

„ნებისმიერი შედეგი, მიღწეული მოლაპარაკებების დროს, მისაღებად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, თუ ის მისაღები იქნება სომხეთისა და არცახის მოსახლეობისათვის“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG