Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცრაზმმა შტურმი განახორციელა ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაზე


ატამბაევი დაცვას გაჰყავს
ატამბაევი დაცვას გაჰყავს

7 აგვისტოს ყირგიზეთის სპეცდანიშნულების რაზმმა შტურმი განახორციელა ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის რეზიდენციაზე, სოფელ კოი-ტაშში, სადაც თავის თანამოაზრეებთან ერთად იმყოფება ყირგიზეთის ყოფილი ლიდერი და უარს ამბობს დაემორჩილოს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში გამოტანილ გადაწყვეტილებას.

ყირგიზი ჟურნალისტი მაირბეკ აიტიკევი ფეისბუკის საშუალებით ავრცელებს ფოტო და აუდიო მასალას, რომელიც ასახავს შტურმში მონაწილე ნიღბიან სპეცრაზმელთა მოქმედებას და სპეცოპერაციის დროს დაშავებულ ადამიანებს.

შტურმის დროს ატამბაევი რეზიდენციის ეზოში იმყოფებოდა და ხელს ართმევდა ადამიანებს. გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ გაჰყავს იგი მის დაცვას.

იუწყებიან, რომ შტურმის დროს დაშავდა ერთ-ერთი ინტერნეტ გამოცემის, „კგ.24“-ის ჟურნალისტი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით სოფელ კოი-ტაშში, ამლაზბეკ ატამბაევის სახლთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები. შენობა ალყაშემორტყმულია.

ატამბაევის რეზიდენციის შტურმი გადაწყდა მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელსაც 22 ივლისს ესტუმრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მირლან კანიმეტოვი და სხვა თანამდებობის პირები, - უარი თქვა სასამართლოში გამოცხადებაზე.

ყირგიზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, თუ პირი უარს ამბობს დაემორჩილოს სასამართლო უწყებას, ის დაკითხვაზე იძულებით უნდა მიიყვანონ.

თუმცა, მანამდე ბიშკეკის ხელისუფლებას არ უცდია ძალის გამოყენებით ატამბაევის დაპატიმრება, რომელსაც პრეზიდენტობის პერიოდში, 2011-2017 წლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობაში, კორუფციასა და უკანონოდ გამდიდრებაში ედება ბრალი.

ატამბაევი ამ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG