Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტიზის დასკვნით, ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერა არ არის


ქიბარ ხალვაში, ირაკლი ოქრუაშვილი
ქიბარ ხალვაში, ირაკლი ოქრუაშვილი

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის დოკუმენტზე, რომლის საფუძველზეც პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მას ეკუთვნის.

ექსპერტიზის დასკვნა „გამარჯვებული საქართველოს“ წევრებმა დღეს, 9 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინეს.

„ბოლოს და ბოლოს გახარიას ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე თითქოს, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის“ - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კოტე კემულარიამ.

მისივე თქმით, ნახევარგვერდიან დოკუმენტში ექსპერტი ზედაპირულად წერს, რომ ასო ვ და ასო შ თავის დახრილობით და რაღაც ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორსაც ვაწყდებით ქიბარ ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებში.

„ეს იძლვა თურმე, კატეგორიული დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს ხელმოწერა ხალვაშის მიერ არ არის შესრულებული“ - თქვა კემულარიამ. მისი შეფასებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა რეგიონში და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ამ ინსტიტუტის დასამარებაა.

„სასამართლოს აყენებენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმიტომ, რომ ეს დასკვნა მისთვის სავალდებულო არ არის. სამი დასკვნა უდევს იქ, მათ შორის პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტის, საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტის, რომელმაც ვ-ც ნახა, შ-ც ნახა და ყველა ეს განსხვავებები ნახა. ამით არაფერი არ მთავრდება. ეს უბრალოდ, ინსტიტუტებს აყენებს ძალიან დიდ დარტყმას. ეს იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, რის გამოც არის დაპატიმრებული ირაკლი ოქრუაშვილი - „რუსთავი 2“-ის ჩაქრობის სურვილის გამო. როდესაც მან გაუწია წინააღმდეგობა და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რომ ჟურნალისტების ხელში მოექცეოდა ის წილები, რომელიც ქიბარ ხალვაშს, ანუ ბიძინა ივანიშვილს უბრუნდება, ამის გამოა დაპატიმრებული“ - განაცხადა კემულარიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ მისგან და მასთან აფილირებული პირებისგან ქიბარ ხალვაშმა 2005-2010 წლებში ისესხა 7,7 მილიონი დოლარი წლიური 10%-ით და ამასთან, რეალურად „რუსთავი 2”-ზე საკუთრების უფლება ეკუთვნის მას და არა ხალვაშს

18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია "პანორამა" დაარეგისტრირა ტელეკომპანიის მფლობელად(60% ქიბარ ხალვაში, 40% "პანორამა").

მეორე დღეს, 19 ივლისს, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, გიორგი ზედელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა "რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღების მიზნით. ადვოკატის ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის წილი ირაკლი ოქრუაშვილმა შეიძინა ქიბარ ხალვაშის სახელით და მათ შორის გაფორმებულ შეთანხმებაში ხალვაში ადასტურებს, რომ წილზე საკუთრების უფლება აქვს ოქრუაშვილს და არა მას. ზედელაშვილმა ისიც განაცხადა, რომ აქვთ სამი ექსპერტის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მეორე მხარემ სადავოდ გახადა, სასამართლომ დოკუმენტი გაგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

თავის მხრივ, ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ მისი ხელმოწერა ირაკლი ოქრუაშვილმა გააყალბა.

22 ივლისს, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ქონების მიღების მცდელობის გამოძიება ითხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG