„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აბათუსთუმანში იმყოფებოდა, სადაც ის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღესთან დაკავშირებით.
„აბასთუმანი უნდა გახდეს ერთერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ჩვენ თითოეულმა უნდა მოვახერხოთ, მუხლჩაუხრელი შრომით საქართველო გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. დავიწყოთ აბასთუმნით, მოვდოთ ეს მთელ საქართველოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ბატონი ბიძინას დამსახურებაა ეს და მისი პირადი შეწევნა, რომ აწყურის ტაძარი შენდება...ბატონი ბიძინას დახმარებით კეთდება ბიეთის სამონასტრო კომპლექსი, კეთდება აგარების სამონასტრო კომპლექსი, თისელის სამონასტრო კომპლექსი. ძალიან ბევრი რამ კეთდება მარტო ჩვენს ეპარქიაში, იქეთ აღარ ჩამოვთვლი. აბასთუმანში კეთდება კიდევ ძალიან ბევრი რამ. დაიწყო დედათა მონასტრის დამწვარი სახლის რესტავრაცია და ძალიან ბევრი შენობის რესტავრაცია“, - ამ სიტყვებით მიმართა მრევლს მიტროპოლიტმა თეოდორემ.
ის დარწმუნებულია, რომ აბასთუმანი მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად და მნიშვნელოვან კურორტად გადაიქცევა.