Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა სალია: კომპანიის შემოსავლები მცირდებოდა - მენეჯმენტი იღებდა პრემიებს


სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, 2015 წლიდან მოყოლებული კომპანიის ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდებოდა, შემოსავლები კი მცირდებოდა, თუმცა ზარალის მიუხედავად, კომპანიის მენეჯმენტი ასეულ ათასობით ლარის პრემიებს იღებდა.

„წლების განმავლობაში, 2015 წლიდან მოყოლებული, კომპანიის შემოსავლები წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მცირდებოდა მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად იზრდებოდა კომპანიის ხარჯები, სრულიად დაუსაბუთებლად. ათეულ მილიონობით ლარის ზარალის არსებობის პირობებში, კომპანიის მენეჯმენტი იღებდა ასეულ ათასობით პრემიას. არის ხელმშეკრულებები გაფორმებული, რომლის წაკითხვისაც აუცილებლად დაგებადებათ ეჭვი, რომ მეორე მხარის ინტერესი უფრო მეტია, ვიდრე „რუსთავი 2“-ის. მაგალითად, ვხედავ დავალიანებას კონკრეტული იურიდიული პირების მიმართ რაღაც გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ და ვერავინ მეუბნება, რა არის ეს მომსახურება და სად არის ის კვლევები, რომელთა სანაცვლოდ 600 000 ლარია გადახდილი. ყველაფერი ეს გვაძლევს იმ ეჭვის საფუძველს, რომ წლების განმავლობაში კომპანიის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა.

ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ წლების განმავლობაში კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ვინაიდან საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უკვე დოკუმენტურად, დადასტურებულად გაიგო, რომ არაფერ შუაში არ არის ყადაღები და მთავარი იყო მიზანმიმართული მოქმედება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ,“- განაცხადა პაატა სალიამ.

ქიბარ ხალვაშმა 12 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ს ყიდის.

18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია "პანორამა" დაარეგისტრირა ტელეკომპანიის მფლობელად (60% ქიბარ ხალვაში, 40% "პანორამა"). რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ შეცვალა.

XS
SM
MD
LG