Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული მედიის ცნობით, საქართველოსთან ავიამიმოსვლა საპარლამენტო არჩევნებამდე არ აღდგება


რუსეთი საქართველოსთან შეწყვეტილ ავიამიმოსვლას არ აღადგენს სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე - ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ წერს დიპლომატიური წრეების წარმომადგენელზე დაყრდნობით. მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ფაქტობრივად, იგნორირებულია მოსკოვის მოთხოვნა, უზრუნველყოს რუსი მოგზაურების უსაფრთხოება და არც ანტირუსული განწყობები ჩამქრალა.

„იზვესტიას“ წყარო აცხადებს, რომ რუსეთმა ავიამიმოსვლის განახლების პირობები დაასახელა - რუსოფობიური პოლიტიკის და რიტორიკის შეწყვეტა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ამ საკითხში წინსვლა არ შეინიშნება.

„იზვესტიას“ რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, იური ბარზიკინმა უთხრა, რომ რუსეთიდან საქართველოში ტურისტების ნაკადი 70%-ით შემცირდა, თუმცა, საბოლოო მონაცემები წლის ბოლოსთვის ექნებათ.

ბარზიკინის ინფორმაციით, რუსეთის თითქმის ყველა მოქალაქემ, ვინც პირდაპირი ავიარეისებით სარგებლობდა, საქართველოში ჩასვლა შეწყვიტა და აღარც კომპლექსური ტურები იყიდება, თვითორგანიზებული ტურისტები კი საქართველოში ჩადიან სახმელეთო გზით, ან მესამე ქვეყნების გავლით.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

საპროტესტო აქციების გამო, ასამბლეამ მუშაობა ვადაზე ადრე შეწყვიტა, გავრილოვი და დუმის სხვა დეპუტატები კი იძულებულნი გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ.

XS
SM
MD
LG