Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში თანამდებობიდან დაითხოვეს გენერალი, რომელმაც ატამბაევი დააპატიმრა


კურსან ასანოვი
კურსან ასანოვი

ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კურსან ასანოვი, რომელიც პერსონალურად აწარმოებდა მოლაპარაკებას ყოფილ პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან წინააღმდეგობის შეწყვეტისა და სამართალდამცველებისათვის ჩაბარების თაობაზე, -13 აგვისტოს თანამდებობიდან გადააყენეს „ყირგიზეთის პოლიცის ინტერესების ღალატისა და ნდობის დაკარგვისათვის“.

როგორც ყირგიზეთის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, ნარგიზა კუვატოვამ 14 აგვისტოს უთხრა რადიო თავისუფლებას, წინა დღით ასანოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს სამხედრო პროკურატურაში დაწყებული გამოძიების გამო, რომელიც შეეხება ექსპრეზიდენტის მომხრეებსა და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებს შორის დაპირისპირების დროს კურსან ასანოვის მიერ მიღებულ „არასანქცირებულ გადაწყვეტილებებს“.

ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში დააზუსტეს, რომ როდესაც ალმაზბეკ ატამბაევთან უკვე იყო მიღწეული შეთანხმება ჩაბარებაზე, კურსან ასანოვმა „საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მიატოვა მისდამი რწმუნებული - საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისათვის განკუთვნილი - პოსტი და მოლაპარაკებებისთვის შევიდა ატამბაევის სახლში“.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში კურსან ასანოვმა განაცხადა, რომ ყველაფერი გააკეთა, რაც მის ძალებში იყო. „ჩემთვის არავითარი ბრალდება არ წაუყენებიათ. სხვა კომენტარების გაკეთება არ შემიძლია. ჩემთვის არაფერი არ გაუცვნიათ“.

როგორც ცნობილი ხდება კურსან ასანოვს, ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე შეცვლის პამირბეკ ასანოვი.

8 აგვისტოს ყირგიზეთის ექსპრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის საცხოვრებელი რეზიდენციის ეზოში სამართალდამცველებსა და ატამბაევის მომხრეებს შორის შეტაკების შედეგად დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი. დაშავდა 170 კაცი, მათგან 79 სამართალდამცველი.

ატამბაევს წინასწარი პატიმრობა აგვისტომდე აქვს მისჯილი. იგი ეჭვმიტანილია კორუფციასა და საპატიმროდან საშიში დამნაშავის გათავისუფლებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG