23 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი, მოხვდა საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც Ural Airlines-ის თვითმფრინავმა საავარიო დაჯდომა განახორციელა სიმინდის ყანაში მოსკოვის მახლობლად. კომპანიამ 15 აგვისტოს განაცხადა, რომ მისმა Airbus A321-მა საავარიო დაჯდომა განახორციელა შასის გარეშე, გათიშული ძრავებით, მას შემდეგ, რაც თოლიების გუნდს შეეჯახა და ერთ ძრავაში ფრინველები მოხვდნენ, რის გამოც მას ცეცხლი გაუჩნდა. მფრინავებმა საავარიო დაჯდომა გადაწყვიტეს, რადგან მხოლოდ მეორე ძრავით თვითმფრინავი ფრენას ვერ შეძლებდა.
თვითმფრინავი მოსკოვიდან სიმფეროპოლში, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მთავარ ქალაქში მიფრინავდა. ჯანმრთელობის სამინისტროს თანახმად, 23 ადამიანი დაშავდა, არ არის მსხვერპლი. სააგენტოებს, ტასსა და ინტერფაქსს მოჰყავთ ინკოგნიტო წყაროს ნათქვამი, რომ დაჯდომისას დაშავდა 55 მგზავრი და ეკიპაჟის შვიდი წევრი. კრემლის წარმომადგენლმა, დმიტრი პესკოვმა, მალე გამოჯანმრთელება უსურვა დაშავებულებს და მფრინავებს გმირები უწოდა. Ural Airlines-ის თანახმად მფრინავი ერთობ გამოცდილი იყო, მას სამი ათასი საათი ჰქონდა ნაფრენი.
მგზავრებმა გამოაქვეყნეს ფოტო და ვიდეო ჩანაწერები, რომლებზეც გამოსახული დაჯდომის შემდგომი მომენტი. თვითმფრინავმა რამდენიმე ასეული მეტრი ისრიალა მიწაზე დაშვების შემდეგ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ აღიძრა საქმე თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო.