Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწურება ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის გასაყიდად დაწესებული ვადა


"რუსთავი 2"-ის შენობა
"რუსთავი 2"-ის შენობა

19 აგვისტოს იწურება ერთკვირიანი ვადა, რომელიც „რუსთავი 2“-ის მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა დააწესა „გამჭვირვალე კონკურსის წესით“ ტელეკომპანიის გასაყიდად.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებით დასახელდა „რუსთავი 2“-ის რამდენიმე პოტენციური მყიდველი, მათ შორის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და დავით იაკობაშვილი, რომელსაც ბიზნესი რუსეთში აქვს. თუმცა, ამ დრომდე ოფიციალურად უცნობია, არსებობენ, თუ არა ტელეკომპანიის შეძენის მსურველები.

“ერთი კვირა ამოიწურება ორშაბათს, შესაბამისად, ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუმცა, მე არ მგონია, რომ კიდევ ვადის გახანგრძლივებაზე იყოს საუბარი იმიტომ, რომ მომდევნო სეზონისთვის მოსამზადებლად აუცილებელი გადაწყვეტილებებია მისაღები. ვეღარ დაველოდებით კიდევ ვადის გაგრძელებას“ - განუცხადა ხუთაშაბათს, 15 აგვისტოს სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ. მისი თქმით, თუ "რუსთავი 2"-ის შეძენის მსურველი ვადის ამოწურვამდე არ გამოჩნდება, ქიბარ ხალვაშს თავდაპირველად საკუთარი სახსრების მოძიება, შემდეგ კი ფინანსური ინსტიტუტების დახმარება დასჭირდება.

„რუსთავი 2“-ის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ გადაწყვიტა ტელეკომპანია გაყიდოს გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშეა, კონკურსი უნდა დასრულდეს ერთი კვირის ვადაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG