Accessibility links

როდის მიითვისა აიბღის მთა რუსეთმა?


აიბღა

ინფორმაცია, რომ გაგრის რაიონის ნაწილი ანუ აიბღის მთა და სოფელი აიბღა რუსეთის ფედერაციის რეესტრშია შეტანილი, როგორც რუსეთის ფედერაციის კუთვნილება, „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ გაავრცელა. თუმცა, კონკრეტულად რა ქმედება გახდა იმის საფუძველი, რომ პაატა დავითაიას მსგავსი ცნობა ახლა გაევრცელებინა, სრულყოფილად ვერ ირკვევა. პაატა დავითაია, რადიო თავისუფლებასთან საუბარში შემდეგს აცხადებს:

„რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის რეესტრზეა ლაპარაკი, რომელშიც შევიდა ცვლილება...თუ აქამდე ეს აფხაზებსა და რუსებს შორის იყო სადაო, დაახლოებით ერთი კვირის წინ დაკანონდა და რუსეთისთვის ეს აღარ არის სადაო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პაატა დავითაია.

იურიდიულად რუკებზე ცვლილების ამსახველი ინფორმაცია არ დასტურდება. "გუგლისა" და "იანდექსის" რუკებზე საზღვარი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიას შორის აიბღის მთის მონაკვეთზე არ შეცვლილა და ის ისევ მიუყვება მდინარე ფსოუს (ფსოუს გარკვეული ნაწილი რუსეთის ფედერაციის საზღვრებშია მოქცეული) და სოფელ აიბღის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებად ყოფს.

აიბღა მდინარე ფსოუს ზედა მონაკვეთში მდებარე სოფელია, რომელიც ორადაა გაყოფილი რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის. საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის, სოფლის ნაწილი ადლერის რაიონის ქალაქ სოჭის შემადგენლობაშია, ნაწილი - გაგრის რაიონის. სოფელი ზღვის დონიდან 840 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. საბჭოთა პერიოდშიც სოფლის კუთვნილების საკითხი სადაო იყო რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის.სოფელი ორ რესპუბლიკას შორის 1929 წელს გაყვეს. არსებობს 1937 წლის რუკაც, რომელიც უფრო დეტალურ ინფორმაციას შეიცავს საზღვრის მონაკვეთების შესახებ. რუკა რუსეთში კრემლის არქივში ინახება და ქართული მხარისთვის მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, ხელმიუწვდომელია. რადიო თავისუფლებასთან ინფორმირებული წყარო ამბობს, რომ ამ რუკას ქართულ მხარეს არ აძლევენ, ვინაიდან იქ მონიშნული საზღვრები რუსეთისთვის არახელსაყრელია.

აიბღა: სადაო საკითხი რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის

2011 წელს საკითხმა აიბღის მონაკვეთზე საზღვრის დაუდგენელი ნაწილის შესახებ ხელახლა იფეთქა რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკებს შორის საზღვრის დემარკაციის საკითხის განხილვისას. დავა ამ დრომდე გადაუწყვეტელია და მოლაპარაკებები გრძელდება.

საზღვრის დასადგენად შექმნილია სამთავრობო კომისიები,რომელსაც აფხაზური მხრიდან დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი კვარჩია ხელმძღვანელობს, რუსეთს წარმოადგენს ელჩი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში.

როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“ უთხრა აფაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ, რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის სამუშაოები, მათ შორის სოფელ აიბღის მონაკვეთზე, დასრულებული არ არის და დეზინფორმაცია, თითქოს სოფელი რუსეთის შემადგენლობაშია.

„ამასთან იმასაც გეტყვით, რომ დასახლებული პუნქტი აიბღა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეც არსებობს და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ის რუსეთის კარტოგრაფიულ ჩამონათვალშიც გვხვდება. რაც შეეხება სოფელ აიბღას, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში, ის მდებარეობს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს იურისდიქციაში“, - აცხადებს დაურ კოვე.

რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა ეხო კავკაზასთან საუბარში რუსეთის ფედერაციის ელჩმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ალექსეი დევიანინმა გასულ წელს განაცხადა, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის მუშაობა შეჩერებულია, მისი სიტყვებით კომისიის მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახლდეს. გასარკვევი მხოლოდ ერთი სოფლის - აიბღის საზღვრის ნაწილია, „თუმცა სტატეგიული პარტნიორებისთვის ეს საკითხი დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს“.

აიბღა რუსეთმა წლების წინ მიითვისა

ის რომ, რუსეთის ფედერაციისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს იურიდიულად დაუდგენილი საზღვარი და საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორაზე აფხაზეთში თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს წლებია ცნობილია.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ეს ტერიტორია რუსეთმა 2013 წელს, სოჭის ოლიმპიადამდე მიითვისა. ოლიმპიადის კონტექსტიდან და საჭიროებიდან გამომდინარე იქ გაიყვანეს გზა და მოაწყვეს ინფრასტრუქტურა. ბლოკპოსტები განათავსეს რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა. რაც პაატა ზაქარეიშვილის თქმით, არის სრული უკანონობა და საქართველოს ტერიტორიების ანექსია.

„ყველაფერის მითვისებაც და ათვისებაც მოხდა 2013 წელს, ეს არის უკანონო აქტი, რომელიც სხვა სახელმწიფოსთან შეთანხმებული არ არის,ხელმოწერილი არ არის არავითარი დოკუმენტი. აფხაზეთიც რომ იყოს აღიარებული, მასთანაც კი არ არის ხელმოწერილი დოკუმენტი. მაგრამ მთავარი უკვე მომხდარია, ეს ტერიტორია ათვისებულია და რუსეთის ფედერაციის ყოველდღიურ საქმიანობაშია ჩართული. ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებლები დიდი ხანია გადასახადებს იხდიან რუსეთში.ეს სოფელი დიდი ხანია ჩართულია რუსეთის ფედერაციაში როგორც მისი ნაწილი, ახალი აქ არაფერი მომხდარა“,- აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია აზუსტებს, რომ პრობლემა ახალი არ არის, და პარლამენტში მისი მუშაობის წლებში ამ საკითხზე აფხაზურ მხარესთან თანამშრომლობის ისტორიასაც იხსენებს.

„პირველად ეს საკითხი 2011 წელს ბიუროს სხდომაზე დავაყენე, მაშინ იყო აიბღის მხარის მიერთების მცდელობა, მაშინ უნიკალური შავი მარმარილოს საბადოს ხელში ჩასაგდებად სჭირდებოდათ ეს ტერიტორია. აფხაზებმა გაუწიეს წინააღმდეგობა, შეიქმნა შესაბამისი სამთავრობო კომისია საზღვრების დასადგენად. ახლა შემიძლია გავახმაურო, რომ მაშინ ქართულმა მხარემ აფხაზურ მხარეს გადასცა რუკები და ამ კომისიამ ეს რუკები გამოიყენა, მაშინ ეს საიდუმლო თემა იყო, ახლა როცა ეს ტერიტორია ღიად მითვისებულია, შეიძლება ამაზე ლაპარაკი. მაშინ აფხაზურმა კომისიამ გამოიყენა ეს რუკები და გაუწია წინააღმდეგობა რუსულ მხარეს“,- ამბობს პაატა დავითაია.

ამჟამად საზღვრის საკითხზე უფრო პრობლემური ისა, რომ სოფელ აიბღის იმ ნაწილში, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხვდება, მცხოვრებთა უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა,მდინარე ფსოუს მარცხენა სანაპიროს მიწების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეთა საკუთრებაა და კრასნოდარის მხარის, ადლერის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები თავის საკონტროლო ზონად მიიჩნევენ, ეუბნება რადიო თავისუფლებას ინფორმირებული წყარო.

რას ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახდებით „რუსეთის ფედერაციის საკადასტრო დოკუმენტებში სოფელ აიბღასთან დაკავშირებით მონაცემები შესულია პირველ ჯერზე 2002, შემდგომ კი 2009 წელს. სამწუხაროდ, მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ ფაქტს არ მოჰყვა არანაირი რეაგირება.

სამართლებრივ შეფასებას რაც შეეხება, ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელი აიბღის ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება, ისევე, როგორც სხვა მსგავსი ნაბიჯები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ანექსიის პროცესისა და სხვა უკანონო მოქმედებების გაგრძელებას“,- ნათქვამისა განცხადებაში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი,რუსეთის მხრიდან უკანონოა.

„მას არც საერთაშორისო სამართალი სცნობს, არც საერთაშორისო საზოგადოება და მით უფრო, არც საქართველოს იურიდიული სივრცე. ეს თემა აფხაზურ საზოგადოებასა და მედიასივრცეში 2006 წლიდან განიხილება. მათ შორის, 2009 წელს და 2014 წელსაც. აფხაზებს, ამის მიმართ, ბუნებრივია, ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ, რადგან რუსეთის ნებისმიერი მანევრი საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთის რეგიონში - სრულიად უკანონოა. მათ აქვთ განცდა, რომ ისინი საკუთარ უფლებამოსილებას ცდებიან და ძალიან უხეშად არღვევენ თუნდაც ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს“,- აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

პაატა დავითაიას სიტყვებით საქართველომ გაეროს ეგიდით საერთაშორისო სასამართლოში უნდა მოითხოვოს საზღვრის შეცვლა. რაშიც საქართველოს აფხაზური მხარის მხარდაჭერაც ექნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG