სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები განცხადებას ავრცელებენ. ლევან ყარამანიშვილი, გიორგი ყარამანიშვილი და ტელეკომპანია „საქართველოს“ სახელით ნიკოლოზ ნაყოფია აცხადებენ, რომ „რუსთავი 2“ იყო არა ლოგოს, ბრენდისა და შენობების, არამედ იმ ადამიანების ძალისხმევით შექმნილი ერთობა, რომლებიც ქმნიდნენ მის შინაარსს და, ამით, ქვეყნის ისტორიასაც.
„რუსთავი 2“ მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ყოველთვის ასოცირდებოდა საკუთარი საქმის სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით გამორჩეული ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდთან. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული სიტყვები „რუსთავი 2“-ელების უზუსტესი დახასიათებაა“,- წერია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები მადლობას უხდიან ყველას ვინც, დაუღალავად შრომობდა, რათა „რუსთავი 2“ ყოფილიყო მედიაბაზრის ლიდერი კომპანია.
„გუშინ თქვენ მთელ საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენეთ გაუტეხლობის, პატრიოტიზმის, პროფესიისადმი ერთგულებისა და, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, სამოქალაქო გმირობის მაგალითი. გვჯერა, სადაც არ უნდა გააგრძელოთ მოღვაწეობა, ყველგან კვლავ იდგებით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ!“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ლევან ყარამანაშვილი, გიორგი ყარამანაშვილი და ტელეკომპანია საქართველოს სახელით - ნიკოლოზ ნაყოფია.
21 აგვისტოს ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა.
20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე. ასევე განაცხადა, რომ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გათავისუფლდებოდნენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად სალიამ "ინტერესთა კონფლიქტი" დაასახელა.
20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. 21 აგვისტოდან რუსთავი ორის ეთერში მხოლოდ მხატვრული ფილმები და სერიალები გადის.