„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას უპირისპირდება რუსეთის ზეგავლენა და „მეხუთე კოლონა“, რომელიც მოქმედებს საქართველოს სამთავრობო უწყებებში. ეს განცხადება ხაზარაძემ 22 აგვისტოს გააკეთა, გენერალური პროკურატურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ. მისი თქმით, ინფორმაცია გასაჯაროვდება და საზოგადოება შეიტყობს ამ ყველაფრის შესახებ.
თუმცა მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ „რუსული პაგონების“ ქვეშ დამალულ პირებს არაფერი გამოუვა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამერიკისა და ევროპის ინვესტიციებით აშენდება.
„მთელი პასუხიმგებლობით ვაცხადებ, არის საკითხები, რომელსაც გავახმოვანებთ და საზოგადოებას ეცოდინება ის დინებები, რომლებიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში, ე.წ. მეხუთე კოლონის სახით, რუსული გავლენის სახით ეწინააღმდეგება ჩვენთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს.
ანაკლია არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება, შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ. არის უსაფრთხოების და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ამიტომ, პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული პაგონების ქვემოთ, რომ არაფერი არ გამოგივათ. ანაკლიას ავაშენებთ და ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციებთან დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ხელშეშლას ისახავს მიზნად.
„TBC ჯგუფის“ დამფუძნებლები, ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმეში ბრალდებული პირები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 22 აგვისტოს გენერალურ პროკურატურაში ბრალის დაზუსტების მიზნით იყვნენ დაბარებული.
როგორც ადვოკატმა ზვიად კორძაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ბრალის შინაარსი არ შეცვლილა და ძველ ტექსტში 2-3 ადგილას ჩაამატეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის გვარი.
ზვიად კორძაძე ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის წარდგენილ ბრალს სრულიად უსაფუძვლოდ და აბსურდულად მიიჩნევს. „ფულის გათეთრების“ ბრალდება კი იმისთვის შეარჩიეს, რომ იოლად მომხდარიყო ქონების დაყადაღება.
კორძაძე დარწმუნებულია, რომ პროკურატურაში მიმდინარე პროცესი ბიზნესმენებისა და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით არის წამოწყებული და შედეგი ის არის, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ამჟამად ჩამოშორებული არიან „TBC ჯგუფსა“ და ანაკლიის პორტს.