Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულის ქარხანამ წითელი ტყემალი შესამოწმებლად გერმანულ ლაბორატორიაში გაგზავნა


მარნეულის სასურსათო ქარხნის მიერ წარმოებული წითელი ტყემალი, რომელშიც გასულ კვირაში არასაკვები საღებავი "სუდან 1" აღმოჩნდა, შესამოწმებლად გერმანულ ლაბორატორიაში გაიგზავნა. განცხადებას ამის შესახებ მარნეულის სასურსათო ქარხანა ავრცელებს.

"გაგზავნილია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოების სხვადასხვა პარტიიდან შემთხვევის პრინციპით შერჩეული და დალუქული რამდენიმე ბოთლი, ასევე შემოწმებას გაივლის წარმოებაში გამოყენებული დაღერღილი და დაფქული წიწაკა", - წერია განცხადებაში.

ქარხანამ ნიმუშები ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში გაგზავნა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია ლაბორატორიიდან მიღებულ პასუხებს გააცნობს საზოგადოებას, მანამდე კი წითელი ტყემლის გაყიდვა შეჩერებულია.

"კომპანია მიესალმება ქართულ ბაზარზე საკვებ ინდუსტრიაში ხარისხის, პროდუქციისა და ნედლეულის წარმომავლობის გამჭვირვალე პროცესებს და იმედს იტოვებს, რომ ამგვარი კვლევები იქნება სისტემატური და არ ექნება პიარული ხასიათის", - წერია განცხადებაში.

მას მერე, რაც ცნობილი გახდა ექვსი დასახელების სასურსათო პროდუქტში არასაკვები საღებავის არსებობის შესახებ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრიდან მათი ამოღება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯანმრთელობისთვის საშიში საღებავები აღმოჩნდა "კულას" წითელ ტყემალში, მარნეულის სასურსათო ქარხნის წითელ ტყემალში, "ფუდსერვისის" საწებელ "სუპრემოში", შპს „ეს“-ის აჯიკაში, შპს Soledo-ს სოუსსა და მშრალი აჯიკა “თეთნულდში".

არასაკვები საღებავის შემოწმება მხოლოდ საზღვარგარეთ არის შესაძლებელი, რადგან ქართულ ლაბორატორიებს ამგვარ კვლევაზე ლიცენზია არ აქვთ.

XS
SM
MD
LG