Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს სხვის დაგეგმილ პროვოკაციებზე


„პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე და სხვისი დღის წესრიგის მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 24 აგვისტოს, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც კონსტიტუციის დღის აღსანიშნავად გაიმართა. ეს აქცენტი პრეზიდენტის გამოსვლაში საქართველოს საზღვრებსა და საოკუპაციო ხაზზე ლაპარაკისას გამოიკვეთა.

პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა, განემარტა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება-მოვალეობები და თქვა, რომ მათი არსი ხშირად ან არასწორად არის გაგებული, ან განზრახ არის დამახინჯებული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

7 აგვისტოს შემდეგ, რაც გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ღობეების აღმართვის პროცესი დაიწყო, სალომე ზურაბიშვილს მუდმივად აკრიტიკებდნენ ოპონენტები თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იმისათვის, რომ ის არ ჩავიდა საოკუპაციო ხაზზე და არც საგანგებო განცხადებები გააკეთა. მანამდე, საზღვრებთან დაკავშირებით პრეზიდენტის კრიტიკა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარსა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს უკავშირდებოდა.
XS
SM
MD
LG