Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორი ხაზარაძესა და ჯაფარიძეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს


ფულის გათეთრებაში ბრალდებული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკვე მერამდენედ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია, - აცხადებს საქმის პროკურორი გიორგი მიქავა.

მისი განმარტებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის და პირიქით - ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ.

„აღნიშნული კომუნიკაცია შედგა ბრიტანული მხარის ინიციატივით და დამერწმუნებით, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად არის ის უმაღლესი სტანდარტი, სადაც მარტივად გაირჩევა კრიმინალური საქმეები პოლიტიკური დევნისგან“, - განაცხადა მიქავამ.

მისი განმარტებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებაში არის კიდევ ერთი „ცრუს გარემოება“, თითქოს მხარეებს შორის კომუნიკაცია ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს.

„რაც შეეხება განცხადებაში მოყვანილ კიდევ ერთ ცრუ გარემოებას, თითქოს და ეს კომუნიკაცია შედგა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ეს არის კლასიკური მაგალითი ყალბი ამბის გავრცელების. რეალურად, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ იმ კონვენციის დასახელებიდან, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს შორის და რომელსაც ეწოდება „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლის გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ - ამოგლიჯეს დასახელებიდან ერთი სიტყვა „ტერორიზმი“ და საზოგადოებას მიაწოდეს მორიგი ცრუ ინფორმაცია, თითქოს კომუნიკაცია ორ მხარეს შორის მიმდინარეობს ანტიტერორისტულ საქმიანობაზე. გარდა კონვენციის დასახელებისა, სამართლებრივ პროცედურებში სიტყვა „ტერორიზმი“ ნახსენები არსად არ არის“, - აცხადებს საქმის პროკურორი.

რაც შეეხება ანგარიშების დაყადაღების ფაქტს, პროკურატურა მას უწოდებს „მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღებას“.

გენერალური პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, რომ „სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში განიხილოს ნებისმიერი ალტერნატიული შესაძლებლობის გამოყენება იმგვარად, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ხელი არ შეეშალოთ საზოგადოებრივ და ბიზნეს საქმიანობაში“ .

27 აგვისტოს, მამუკა ხაზარაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს და აცნობა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში და ბრიტანეთში მათი ფულადი სახსრები შესაძლოა, კრიმინალური წარმომავლობის იყოს.

„ბრიტანელი კოლეგები ცხადია, ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება, ამ შემთხვევაში, არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი“ - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი შეფასებით, სახელმწიფო სტრუქტურები განაგრძობენ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას და ეს მცდელობა ემსახურება იმას, რომ მოხდეს დიდ ბრიტანეთში მათი კანონიერი სახსრების ბლოკირება. ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, ბრიტანეთში გასაგზავნად მზად არის ყადაღის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ პროკურატურას გადაუმოწმებლად დაუდასტურა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის და მამუკა ხაზარაძე სიამოვნებით ითანამშრომლებენ ბრიტანულ სამსახურებთან და მზად არიან მათ აჩვენონ და დაუმტკიცონ თითოეული ფუნტის კანონიერება.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ადანაშაულებს ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 24 ივლისს, ხოლო 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თითოეულ მათგანს აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა 700 000 ლარის გირაო.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის ბრალდებას სრულ აბსურდს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის პროცესი მიმდინარეობა.

.

XS
SM
MD
LG