Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის დეპუტატი ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე მტკიცე რეაგირებას ითხოვს


ევროპარლამენტის დეპუტატი ანა ფოტიგა
ევროპარლამენტის დეპუტატი ანა ფოტიგა

ევროპარლამენტის დეპუტატი, პოლონელი პოლიტიკოსი ანა ფოტიგა პროვოკაციის და ესკალაციის საფრთხეს ხედავს სოფელ ჩორჩანასთან რუსეთის საოკუპაციო და ოსური ძალების კონცენტრაციაში.

ანა ფოტიგამ ტვიტერზე დაწერა, რომ აუცილებელია მტკიცე საერთაშორისო რეაგირება. ევროპარლამენტარი აუცილებლად მიიჩნევს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 2020 წლის ბიუჯეტის გაზრდასაც.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო, მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან 28 და 29 აგვისტოს შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების კონცენტრაცია.

29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვა, რომ 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე აიღოს ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგო.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა და იქ პოლიციის საგუშაგო განათავსა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG