Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მხარე უარყოფს ბრალდებას ცხინვალის კუთვნილი საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ


დრონების შეჯახება
დრონების შეჯახება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების კომიტეტი ირწმუნება, რომ პირველ სექტემბერს დილით, ქართველმა ძალოვნებმა ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, ე.წ. კვადროკოპტერი, რომლითაც ოსური მხარე სოფელ წნელისთან „სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვრის“ ვიდეო დაკვირვებას აწარმოებდა.

ოსური სააგენტო „რესი“ ეყრდნობა დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებას, რომ დაახლოებით დილის 10 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდას მხრიდან, სადაც მდებარეობს ქართულ ძალოვნების საგუშაგო, დრონის მიმართულებით გახსნეს ინტენსიური ცეცხლი. შედაგად საფრენი აპარატი „საზღვრის“ გასწვრივ ჩამოვარდა.

უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა შენიშნა, რომ საზღვრის გასწვრივ, ამავე მონაკვეთზე, დასახლებულ პუნქტებზე 24-საათიან დაზვერვას, ქართული მხარეც აწარმოებდა.

ოსური მხარის მტკიცებით, დე ფაქტო ხელისუფლების ძალოვნების განკარგულებაში მყოფი, მაგრამ სამოქალაქო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება წარმოადგენს პროვოკაციას, რომელის მიზანია ვითარების ესკალაცია. დეფაქტო ხელისუფლება მომხდარი ფაქტის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირებას აპირებს.

რადიო თავისუფლებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უთხრეს, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფ. აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განწყობილია კონსტრუქციულად და უდიდეს ყურადღებას უთმობს არსებული სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, უთხრა რადიო თავისუფლებას სუსის წარმომადგენელმა.

ამავე დროს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა ფეისბუქში წერს, რომ მათი მოძრაობის წევრებმა წნელისთან დრონი გაანეიტრალეს.

“დღეს, რუსოსურმა დრონმა გადმოკვეთა საოკუპაციო ხაზი და გადმოვიდა ჩვენს მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში. ჩვენმა ჯგუფმა მოახერხა ამ დრონის განეიტრალება და ეს დრონი ჩამოვარდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტოტიაზე.“

დავით ქაცარავა ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ართმევს პოლიციის წარმომადგენელი მათ საფრენ აპარატს.

XS
SM
MD
LG