განცხადება "სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის" რეზოლუციის განხილვისა და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერის აუცილებლობაზე პატრიოტთა ალიანსის წევრმა, გიორგი ლომიამ პარლამენტში საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე გააკეთა.
"ჩვენ კვლავ შემოვიტანეთ ნაციონალური მოძრაობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის პროექტი. იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც დაგვიჭერთ მხარს. ვითხოვთ რომ შეწყდეს ყოველგვარი კოჰაბიტაცია ხელისუფლებასა და დამნაშავე რეჟიმს შორის. დღეს ამ კოჰაბიტაციის შედეგად მუდმივ კოჰაბიტაციასა და საფრთხეში ვცხოვრობთ, ვინაიდან სააკაშვილი-ბოკერიას მიზანი არის რევოლუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ჩვენ ეს კარგად ვიხილეთ წინა თვეებში.
საარჩევნოდ ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ იმისთვის, რომ ყალბი ფასეულობებით და დემოკრატიის ძახილით განახორციელონ საქართველოს, როგორც ეროვნული, ტრადიციული სახელმწიფოს განადგურების გეგმა. ამ გეგმის განხორციელება ჩვენი ახალგაზრდების და სტუდენტების ხელით სურთ.
უკვე შეიქმნა და კარგად ფინანსდება ათობით “კმარას” ტიპის ორგანიზაციები. დაფუძნდა ახალ ლიდერთა ორგანიზაცია. ჯამში 500-ზე მეტ სტუდენტს და ახალგაზრდას წვრთნიან. წვრთნაში ვგულისხმობ ტრენინგების ჩატარებას და ტვინის გამორეცხვას. თამამ და გაბედულ მოქალაქეებს ზრდიან, თამამი და გაბედული ბრჭყალებში, რასაკვირველია, რომლებსაც ეუბნებიან, რომ ხელისუფლება ხელში უნდა ჩაიგდონ ნებისმიერი გზით. " - თქვა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას, "სააკაშვილი-ბოკერიები" სიმსივნეს შეადარა და პარტიის სახელით აქციები დაანონსა.
"დღეს ნაცმოძრაობა და სააკაშვილი-ბოკერიები არის ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი მეტასტაზები. მე მესმის, რომ კიბოს უნდა უმკურნალო პირველ სტატიაზე. თქვენ მეოთხე სტადიამდე მიუშვით ეს მეტასტაზები და ჩვენი ქვეყნის განუკურნებელი სენია უკვე. ჩვენ პატრიოტები არ დავუშვებთ, რომ მათ ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში. ჩვენ გავაგრძელებთ აქციებსაც, გავაგრძელებთ მსვლელობებს და საბოლოო ჯამში ჩვენ დავამთავრებთ თქვენს კოჰაბიტაციასაც და მათ როგორც პოლიტიკური ძალის არსებობასაც."
საშემოდგომა სესია პარლამენტში პროტესტის ფონზე გაიხსნა. აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წევრი დეპუტატები პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას აპროტესტებდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ სხდომა დაატოვებინა.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა 3 სექტემბერს წარადგინა. მისი გადადგომის მოთხოვნით აქტივისტები აქციებს 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურად მართავენ.
პატრიოტთა ალიანსის წევრები "სააკაშვილი-ბოკერიას" რეჟიმის რეზოლუციის მიღებას 2019 წლის თებერვალშიც ითხოვნენ. გიორგი ლომია ერთ-ერთია იმ ქართველ დეპუტატებს შორის, რომელიც პერიოდულად მართავს შეხვედრებს მოსკოვში, რუსეთის დუმაში.