Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაური ე.წ. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებზე: "დროშა აღმართეს, დასაზუსტებელია რა ადგილია"


ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

დასაზუსტებელია ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმართეს დროშა ე.წ სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა თუ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა წნელისში დროშის აღმართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად. მისი განმარტებით, 6 სექტემბერს დაგეგმილია ტექნიკური სამუშაო შეხვედრა, რომელზეც ეს საკითხი დადგება და დაზუსტდება.

"პირველ რიგში რაც გაკეთდა, ცხელი ხაზი გაააქტიურა უსაფრთხოების სამსახურმა, ანალიტიკურმა სამსახურმა. ჩართულები არიან როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ხვალე სამუშაო შეხვედრაა, ტექნიკური შეხვედრა, იქაც დადგება ეს საკითხი. დაზუსტდება და აუცილებლად გაცნობებთ ინფორმაციას. რაც მთავარია, უმთავრესია უსაფრთხოდ რომ იყვნენ ეგრეთ წოდებული გამყოფი ზოლის მცხოვრები მოსახლეობა, მთავარი საზრუნავი ახლა ჩვენი არის ეს. დანარჩენს მოგაწვდით აუცილებლად", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის ჯგუფმა ოკუპირებული სოფლის, წნელისის რაიონში, რომელსაც ოსური მხარე უისტას უწოდებს, 944 მეტრის სიმაღლე დაიკავა, სასაზღვრო ნიშანი აღადგინა და „სამხრეთ ოსეთის“ დროშა აღმართა. ამის შესახებ დღეს, 5 სექტემბერს განაცხადა დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა, რომელიც საქართველოსთან ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე ამ ქმედებას უწოდებს ქართული მხარის პროვოკაციის საპასუხოდ მიღებულ გამაფრთხილებელ ზომას და მშვიდობიან, ჰუმანიტარულ ოპერაციას, რომლის მიზანია „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მოქალაქეთა უსაფრთხოების და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ქართული მხარის პროვოკაციად მიიჩნევს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ რაიონში პოლიციის საგუშაგოს განთავსებას. ჩორჩანა ოკუპირებულ წნელისს ესაზღვრება.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ზნაურის რაიონის სოფელ წნელისში ჰუმანიტარული ოპერაცია „პრეზიდენტის,“ ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით ტარდება და „სამხრეთ ოსეთელი მესაზღვრეების“ მოქმედება საფრთხეს არ უქმნის მოსაზღვრე დასახლებული პუნქტების, ჩორჩანის და კობის მცხოვრებთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG