ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს.
„დღევანდელი შეხვედრა და ჩვენი დისკუსიები არ იქნება მარტივი“, - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. მან არ უპასუხა შეკითხვას, რომელ ტერიტორიაზე დადგეს დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ე.წ. საგუშაგო სოფელ წნელისთან. ამასთან, ირაკლი ანთაძემ კვლავ დაადასტურა, რომ სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო ფუნქციონირებას განაგრძობს.
ერგნეთში დღეს მიმდინარე ტექნიკური შეხვედრა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მესამეა.
საოკუპაციო ხაზთან ვითარება აგვისტოს ბოლოს დაიძაბა მას შემდეგ, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო, მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალების კონცენტრაცია.
დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა და თბილისის უარის შემდეგ, წნელისთან საგუშაგოს მშენებლობა თავადაც დაიწყო.
საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა, პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს განთავსება მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და მის გადატანას არ აპირებს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის, მურატ ჯიოევის განცხადებით, ქართული პოლიციის საგუშაგო „უკანონოდ მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“. ჯიოევის ინფორმაციით, ოსური მხარის წინადადებაა, რომ საგუშაგო აიღონ და წნელისსა და ჩორჩანას შორის ადგილი გამოცხადდეს უსაფრთხოების ზონად, სადაც არცერთი მხარის საგუშაგო არ იქნება.