საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან მაშინ უნდა გადამდგარიყო, თუ პარლამენტის შენობაში შეჭრას დაუშვებდა.
გიორგი გახარიას პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა ჰკითხა, კარგი პრეცედენტი იქნებოდა თუ არა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადამდგარიყო იქიდან გამომდინარე, რომ 20-21 ივნისის აქციის დაშლისას, ძირითადად, დაშავდნენ ადამიანები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ პარლამენტის შენობაზე შეტევაში.
საპასუხოდ გახარიამ თქვა, რომ ნებისმიერი თანამდებობა მხოლოდ გამოწვევა და პასუხისმგებლობაა და სხვა არაფერი.
„არგადადგომის ძირითადი მოტივი იყო პრინციპი. როდესაც მე ვამბობ, რომ ეს იყო პარლამენტზე შტურმი, ორგანიზებული პოლიტიკური ძალების მიერ, მასობრივი შეტევა პოლიციაზე, რომელიც ყველამ ნახა, ამის შემდგომ მე აბსოლუტურად გააზრებულად თითოეულ პოლიციელს, კეთილსინდისიერს, ვინც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ვუხდი მადლობას, რომ მათ სახელმწიფო ინსტიტუტი გადაარჩინეს ძალადობრივი სტატუს-კვოს ცვლილებისგან, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. და, ამ დროს გადადგომით მე ვიღაცას დავუდასტურებდი, რომ თავს ვგრძნობ რაღაცაში დამნაშავედ. არ ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულ იმ დაშავებულ ადამიანზე, რომელსაც მოხვდა რეზინის ტყვია, რომელმაც მიიღო სხვა სახის დაზიანება. თითოეულ ადამიანზე, რომელმაც დაკარგა თვალი და უნდა ვაღიაროთ გულწრფელად, რომ ასეთი ორი ადამიანი გვყავს. პასუხისმგებლობას ვგრძნობ ასევე იმაზე, რომ სახელმწიფომ მათზე პოზიტიური ზრუნვის ვალდებულება შეასრულოს ბოლომდე“, - განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, პასუხისმგებლობას გრძნობს იმაზეც, რომ პოლიციელები, რომლებიც პარლამენტთან იდგნენ და ორი საათის განმავლობაში ითმენდნენ სამას გატაცებულ ფარს, მათ გატაცებას ბრბოში და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხვალ არ გახდნენ მორალური ბულინგის მსხვერპლი, რასაც ბევრი ცდილობს, და ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ქვეყანას ხვალაც უნდა ემსახურონ უფრო უკეთესად, რაფინირებულად და ეფექტურად.
„სახელმწიფო ინსტიტიტუში შეჭრას, ფიზიკურს, ჰქვია შტურმი. აქ ხომ არ არის საუბარი სიმღერით, ცეკვით, ლექსებით, ან კიდევ რაღაცით, შტურმით. ამას ჰქვია თავისი სახელი, როგორც მინიმუმ ორგანიზებული თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტზე პოლიტიკური კონიუნქტურის რეალობის შეცვლის მიზნით. რომ დამეშვა მათი აქ შემოჭრა, მაშინ უნდა გადავმდგარიყავი“, - განაცხადა გახარიამ.
20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ორ თვეზე მეტია პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია მთავრობიდან გიორგი გახარიას წასვლის მოთხოვნით.