Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აშშ-ის ინფორმატორი ათწლეულების წინათ იყო ჩანერგილი


New York Times-მა აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მაღალი რანგის მოხელე, რომელიც ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გადაიბირა რამდენიმე ათწლეულის წინ, რუსეთიდან გამოიყვანეს, ვინაიდან შესაძლოა, ის გამოაშკარავების საფრთხის წინაშე აღმოჩენილიყო. მანამდე ამის შესახებ იტყობინებოდა CNN-ი.

New York Times-ის თანახმად, ეს ადამიანი არ შედიოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოეს გარემოცვაში, მაგრამ რეგულარულად ხვდებოდა მას და, რაც მთავარია, წვდომა ჰქონდა სამთავრობო აპარატზე, სადაც იღებდნენ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს. გაზეთის თანახმად, სწორედ ეს ინფორმატორი იყო ის წყარო, რომლის მეშვეობითაც მოხერხდა დასკვნის გამოტანა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის ოპერაცია ვლადიმირ პუტინის უშუალო ხელმძღვანელობითა და განკარგულებით ტარდებოდა. ამ წყაროს თანახმად, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პუტინმა გასცა განკარგულება დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ელექტრონული ფოსტის გატეხვის თაობაზე.

ამ ადამიანის ვინაობას და ადგილმდებარეობას არ აცხადებენ, ვინაიდან მას შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას. ინფორმატორმა რუსეთი 2017 წელს დატოვა. გაზეთის თანახმად, ამ გადაწყვეტილების შედეგად დასრულდა რუსეთში აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფასეული წყაროს საქმიანობა. გაზეთი წერს, რომ „აშშ-ის ხელისუფლებამ დაკარგა შესაძლებლობა, შიგნიდან შეხედოს ვითარებას რუსეთში, მაშინ, როცა ის ეძებდა მტკიცებულებებს 2018 წლის არჩევნებსა და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ“.

XS
SM
MD
LG