Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვმა დაადასტურა, რომ ოლეგ სმოლენკოვი პუტინის ადმინისტრაციაში მუშაობდა


პუტინი და პესკოვი
პუტინი და პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ოლეგ სმოლენკოვი „მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მაგრამ რამდენიმე წლის წინ გათავისუფლდა შიდა განკარგულების საფუძველზე“. საუბარია 2016-2017 წლებზე. პესკოვის თქმით, სმოლენკოვის თანამდებობა „არ შეესაბამებოდა უმაღლესი თანამდებობის პირთა კატეგორიას და იგი არ ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობით გამართულ თათბირებს“.

დმიტრი პესკოვმა ვერ შეძლო პასუხის გაცემა შეკითხვაზე, არის თუ არა სმოლენკოვი აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს აგენტი. რაც შეეხება აშშ-ის მედიის მიერ გავრცელებულ ცნობას რუსეთის ხელისუფლების სტრუქტურებში ჯაშუშის ყოფნის შესახებ, დმიტრი პესკოვმა მასზე პასუხი „მიანდო ამერიკულ მედიას“.

ოლეგ სმოლენკოვის სახელმა გაიჟღერა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს მიერ გადაბირებული რუსეთის მაღალჩინოსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებში. ჯაშუში, სავარაუდოდ, მუშაობდა აშშ-ის დაზვერვაზე მრავალი ათწლეულის განმავლობაში და რუსეთიდან 2017 წელს გაიყვანეს, მისი გამოაშკარავების საფრთხის გამო. ამის შესახებ „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ და „სიენენმა“ გაავრცელეს ცნობა ამერიკული სპეცსამსახურების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

გაზეთ „კომერსანტის“ თანახმად, სმოლენკოვი გაუჩინარდა 2017 წელს, როდესაც მეუღლესა და სამ შვილთან ერთად მონტენეგროში გაემგზავრა დასასვენებლად. ამ ქვეყნის ხელისუფლებას არ გაუკეთებია კომენტარი რუსეთის მოხელის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG