Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: სადაც ჩავთვლი საჭიროდ, იქ მივალ


„გირაოზე და შინაპატიმრობაზე უფრო მკაცრი ღონისძიება არის პატიმრობა, მე ვუთხარი, რომ შეგიძლიათ ჩათვალოთ ჩემი საბოლოო პოზიცია და გადასცეთ თქვენს ხელმძღვანელობას - აუცილებლად, სადაც ჩავთვლი საჭიროდ, რომელ ტელე-რადიო კომპანიაშიც ჩავთვლი საჭიროდ, იქ მივალ. მიუხედავად იმისა, ამაზე პროკურატურა თანხმობას განაცხადებს თუ არა, თუ უარს იტყვის, აუცილებლად მივალ“, - განაცხადა ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც პროკურატურა დატოვა, სადაც გაფრთხილების ოქმი გადაეცა.

„პროკურატურას სხვა გამოსავალი არ აქვს, ან უნდა აღიაროს, რომ ნიკა მელიას, როგორც დეპუტატს, აქვს უფლება, გადაადგილდეს იქ, სადაც იგი თვლის საჭიროდ, გაფრთხილების შემდეგ, ადვოკატი სისტემატურად საქმის კურსში აყენებს [პროკურატურას] ან უნდა დააპატიმროს ეს ადამიანი, რომელიც კანონს არღვევს. მესამე გამოსავალი არ არსებობს, პროკურატურას მოუწევს რეალობას თვალი გაუსწოროს და შეეგუოს მოცემულობას, რომელიც გულისხმობს დეპუტატის იქ გადაადგილებას, სადაც მას აქვს სურვილი, მეტიც, კონსტიტუციური უფლება და კიდევ უფრო მეტი... კონსტიტუციური ვალდებულება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს უთხრეს, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილება დაარღვია და კიდევ ერთხელ გამეორების შემთხვევაში, მის მიმართ გამოიყენება უფრო მკაცრი ღონისძიება ანუ დაპატიმრება.

„ნიკა მელიას აქვს პარლამენტარის უფლებები, რომელსაც იცავს კონსტიტუცია და ვერავითარი შეზღუდვა ვერ იმოქმედებს ამაზე. ვერ იქნება პროკურორის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, ნიკა მელია წავა თუ არა პარლამენტში, შეხვდება თუ არა ამომრჩევლებს და ისარგებლებს თუ არა მასმედიით და მიიღებს თუ არა ტოქშოუში მონაწილეობას. ამიტომ ის ოქმი, რომელიც დღეს გაფორმდა, არის ფარატინა ქაღალდი“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, ნიკა მელიამ გაფრთხილების ოქმზე საკმაოდ ვრცელი განმარტება დატოვა, სადაც დაწერა, რომ ეს არის „სამართლებრივი აბსურდი“.

„თუ ნიკა მელიამ დაარღვია კანონი, გენერალური პროკურორი უნდა მივიდეს პარლამენტში და უნდა აუხსნას პარლამენტარებს, რომ დავით აქუბარდიასთან მისვლით ნიკა მელიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, დაარღვია კანონი და მოითხოვოს დაპატიმრების ნებართვა. ამ ნებართვის მიღების შემდეგ, რაზეც დიდი ეჭვი მეპარება, მივიდეს სასამართლოში და იქ უნდა მოითხოვოს ნიკა მელიას დაპატიმრება“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

საგამოძიებო ორგანომ ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარა, რათა განემარტათ, რომ 2019 წლის 10 სექტემბერს მის მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას, რაც განმეორების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების პირობაა.

2019 წლის 27 ივნისს, 20 ივნისის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით. დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მის მიმართ მიმდინარეობს ელექტრონული მონიტორინგი.

8 სექტემბერს ნიკა მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა, განეხორციელებინა საპარლამენტო უფლებამოსილება. ამგვარი ნებართვა მას არ ჰქონია 10 სექტემბერს, როდესაც მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG