Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო" ითხოვს საერთაშორისო დონეზე ოკუპაციის თემის გააქტიურებას


ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს, "საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“.

პარლამენტის წევრების, სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო ოკუპაციას და უარს ამბობს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებაზე. კერძოდ, უარს ამბობს საკუთარი შეიარაღებული ძალები დააბრუნოს ომამდელ პოზიციებზე და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაუშვას მანდატით განსაზღვრულ არეალში - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

„ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხიდან გამომდინარე და არსებული რეალობის გათვალისწინებით გვიწევს დამატებითი ღონისძიებების გატარება“ - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ავტორთა განმარტებით, პროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი მოწოდების აუცილებლობით, მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაოები.

„ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული პროექტის დამტკიცების შედეგად, საქართველოს მთავრობას დაევალება მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რითიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულება შევა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების მოთხოვნებში.

დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული პერსონალური სანქციების პაკეტებში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანასაც და ევროკავშირის და აშშ-ის მიერ სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმართავენ ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG