Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ სნოუდენი მაკრონს თავშესაფრის მინიჭებისკენ მოუწოდებს


აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორი, ედუარდ სნოუდენი, საფრანგეთის პრეზიდენტ იმანუელ მაკრონს მისთვის თავშესაფრის მინიჭებისკენ მოუწოდებს.

სნოუდენი, რომელმაც მალე თავისი მემუარები უნდა გამოაქვეყნოს, რუსეთში ცხოვრობს 2013 წლიდან - ანუ მას მერე, რაც გაასაჯაროვა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების საიდუმლო თვალთვალის პროგრამის დეტალები.

საფრანგეთის ერთ-ერთი რადიოსადგურის მიერ 16 სექტემბერს გადაცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ იმ პირთა დაცვა, რომლებსაც უწყებებიდან მანკიერი პრაქტიკები საჯაროდ გამოაქვთ, არ არის მტრული აქტი. ასევე აღნიშნა, რომ, თავისივე შეფასებით, ის იმსახურებს საფრანგეთში თავშესაფრის მიღებას.

2013 წელს, მაკრონის წინამორბედის, ფრანსუა ოლანდის პირობებში, სნოუდენმა საფრანგეთს თავშესაფარი წარუმატებლად სთხოვა. პარალელურად, ის სხვა ქვეყნებშიც ეძებს თავშესაფარს.

სნოუდენის მემუარები 17 სექტემბერს გამოდის 20 ქვეყანაში, საფრანგეთის ჩათვლით.

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი კომენტარს არ ავრცელებს. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ნიკოლ ბელუბემ უქმეებზე განაცხადა, რომ მხარს უჭერს სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემას - თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ განცხადებას მხოლოდ კერძო პირის რანგში აკეთებდა და ეს არ იყო ოფიციალური შეთავაზება.

სნოუდენს სამოქალაქო უფლებების ბევრი აქტივისტი გმირად მიიჩნევს, თუმცა შინ, აშშ-ში, მას ჯაშუშობის ბრალდებით ელის გასამართლება.

XS
SM
MD
LG