საიამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ იუსტიციის საბჭოს მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეშვიდე ანგარიში. მასში შეფასებულია საბჭოს 2018 წლის საქმიანობა, მათ შორის, მარეგულირებელი კანონმდებლობა, მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნა, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სხვა მიმართულებები.
ანგარიშის თანახმად, საბჭომ ვერ უზრუნველყო სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის” სათანადოდ განხორციელება პრაქტიკაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ ნოვაციამ არსებითად ვერ აღმოფხვრა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში თავად შეიტანა წვლილი მათ გაღრმავებაში. მათი შეფასებით, არსებული ნორმატიული ჩარჩო არსებითად ხელს უწყობს და აძლიერებს მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს. მოსამართლეები თანამდებობაზე დაინიშნენ იმავე ხარვეზებით, რომელთა აღმოფხვრასაც რეფორმა ისახავდა მიზნად.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საბჭოს შემადგენლობაში რჩება აზრთა პლურალიზმის და კრიტიკული აზრის აშკარა მიუღებლობის პრობლემა, რაც ხელს უშლის საბჭოს სხდომებზე საგნობრივ მსჯელობას და გადაწყვეტილებების დასაბუთებას. ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობა ხასიათდება ისეთი ხარვეზებით, რაც საბჭოს დაუსაბუთებელი და სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების ფართო შესაძლებლობას უტოვებს. კერძოდ:
„კლანი უმთავრესად დანიშვნა/გათავისუფლების მექანიზმების მეშვეობით სხვა მოსამართლეებზე ახდენს გავლენას და უქვემდებარებს მათ საკუთარ მიზნებს. მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ხარვეზიანი კანონმდებლობა საბჭოს აძლევს შესაძლებლობას პროცესი არაობიექტურად და გაუმჭვირვალედ წარმართოს: მოსამართლის დანიშვნის კენჭისყრის წესით გადაწყვეტა შესაძლებელს ხდის, რომ საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება შეფასების შედეგების გათვალისწინების გარეშე მიიღონ".
ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად, პოზიტიური ცვლილებებისა, არსებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ დისციპლინური საქმისწარმოების მექანიზმები იშვიათად გამოიყენება.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვა და დისციპლინური სამართალწარმოების გაჭიანურება კვლავ პრობლემაა. მაღალია დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის მაჩვენებელი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მეშვიდე წელია, მონიტორინგის ჯგუფი მიუთითებს საბჭოს სხდომების საჯაროდ (მედიის საშუალებით) გაშუქების პრობლემაზე. მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდშიც მედიასაშუალებები, ძირითადად, მხოლოდ სხდომის გახსნას იღებდნენ და არ ეძლეოდათ შესაძლებლობა, სრულად გადაეღოთ სხდომის მიმდინარეობა.
მონიტორინგის შედეგად საიამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" რეკომენდაციები მოამზადეს.