ათობით ადამიანი დაშავდა 16 სექტემბერს საღამოს ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე მომხდარი შეტაკებისას. ყირგიზეთის სასაზღვრო დაცვის თქმით, დაიღუპა მისი ერთი თანამშრომელი. გამოცემა „აზია-პლუსი“ იტყობინება, რომ დაიღუპა ტაჯიკეთის სამი სამხედრო მოსამსახურე. სროლის შედეგად დაიჭრა სასაზღვრო რაიონის 12 მცხოვრები, მათ შორის - ერთი ბავშვი.
ბიშკეკმა კონფლიქტის დაწყებაში ტაჯიკეთის მხარეს დასდო ბრალი. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, 16 სექტემბერს ტაჯიკეთის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს ყირგიზეთის ორ პოსტს. უწყების თანახმად, ინციდენტის წამოწყების საბაბი გახდა საზღვრის აღუწერელ მონაკვეთზე მშენებლობის დაწყება.
17 სექტემბრისთვის მოხერხდა ვითარების სტაბილიზაცია. ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეერენბეკოვმა სამუშაო თათბირი გამართა საზღვარზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საჭიროა კონფლიქტის დეესკალაცია.
ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის საზღვრის სიგრძე 970 კილომეტრია. აქედან მხოლოდ 519 კილომეტრის თაობაზე არიან მხარეები ერთმანეთთან შეთანხმებული. სადავო მონაკვეთებზე მოსახლეობას შორის რეგულარულად ხდება კონფლიქტები წყლის, საძოვრებისა და მიწის გამო.