Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზების გამოძიება დაიწყო


შს სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ჯგუფი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 სექტემბერს, გათენებისას, 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების გარემოებებს იკვლევს. ამასთან, საგამოძიებო ჯგუფი ამჟამად სამედიცინო პერსონალის გამოკითხვას აწარმოებს.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამჟამად მასთან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების დეპარტამენტიდანაც იმყოფებიან და პაციენტის ოპერაციასთან დაკავშირებულ სამედიცინო დოკუმენტაციას სწავლობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სენაკელი ახალგაზრდა ქალი ცხვირის ოპერაციისთვის სამზადისის დროს გარდაიცვალა.

მთავარი მკურნალი ექიმის, დათო გოგაძის, განცხადებით, პაციენტს გეგმური ოპერაცია უტარდებოდა. ადგილობრივი ანესთეზიის დროს განუვითარდა მძიმე ანაფილაქსიური შოკი, გაუჩერდა გული, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა, მისი სიცოცხლისთვის 10-საათიანი ბრძოლის მიუხედავად.

ანაფილაქსიური შოკი სიცოცხლისთვის საშიში მძიმე ალერგიული რეაქციაა, რომელსაც იწვევს მედიკამენტი ან საკვები პროდუქტი. წინასწარი დასკვნით, ახალგაზრდა ქალს ალერგიული რეაქცია ანესთეზიურ ნოვოკაინზე განუვითარდა. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარმა მკურნალმა ექიმმა დასძინა, პაციენტს წინასწარი საოპერაციო გამოკვლევა ჩაუტარდა, თუმცა ასეთი ტრაგედიები, „სამწუხაროდ, ჩვენს საქმეში ხდება ხოლმეო“.

გარდაცვლილის ახლობლები მის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ახალგაზრდას ანესთეზია გადაჭარბებული დოზით გაუკეთეს. გარდაცვლილის ბებიამ თქვა, რომ შვილიშვილს ცხვირის ძგიდის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.

მისივე თქმით, მშობლები საზღვარგარეთ ჰყავს, ჩამოვლენ და საავადმყოფოს წინააღმდეგ ჩივილის საკითხსაც ისინი გადაწყვეტენ.

XS
SM
MD
LG