Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთის პორტი: ამერიკული გემის შემოსვლას ხელი რიგითმა შეფერხებამ შეუშალა


ფოთის პორტის ადმინისტრაციის თქმით, ამერიკული სამხედრო ხომალდის ფოთის პორტში შესვლას ხელი რიგითმა საოპერაციო შეფერხებამ შეუშალა. ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, თუმცა რადიო თავისუფლებას განუმარტავს, რომ რეალური მიზეზი 17 სექტემბერს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა განმარტა.

„ამერიკული გემი ფოთის ნავსადგურში მარაგის შესავსებად შემოდიოდა, თუმცა ნავსადგური დაკავებული იყო კომერციული გემის მიერ. იმის გამო, რომ კომერციულ მიზნებს ხელი არ შეშლოდა, ამერიკულმა ხომალდმა ფოთის პორტი დატოვა და თავისი გრაფიკით გააგრძელა გზა“, – ნათქვამია ელიზაბეტ რუდის განცხადებაში.

ფოთის პორტში განმარტავენ, რომ ამერიკულ გემს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როდის შეეძლო ნავსადგურს მისი მიღება, თუმცა ეკიპაჟმა გააუქმა პორტში გაჩერების გადაწყვეტილება.

ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შავ ზღვაში უკვე მესამედ იმყოფებოდა ამერიკული სამხედრო გემი, რუსულ საინფორმაციო არხებში 14-15 სექტემბრიდან იძებნება.

17 სექტემბერს გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდს “USNS Yuma T-EPF-8” ფოთის პორტში შესვლის ნებართვა არ მიეცა.

ბიბისის რუსული სამსახურის თანახმად, სწრაფმავალი სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდის შავ ზღვაში შესვლის თაობაზე ცნობა თავდაპირველად გაავრცელა Bosphorus Observer-მა, რომელიც ბოსფორის სრუტეში გემების გადაადგილებას ადევნებს თვალს. რუსეთის მედია ავრცელებს რუსეთის თავდაცვის მართვის ცენტრის ცნობას, რომ ხომალდი შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა 14 სექტემბერს, საღამოს, და მას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები აედევნენ.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG