Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები: სანამ მინისტრი ან პრემიერი არ შეგვხვდება, არ დავიშლებით


დღეს მეოთხე ღამე იქნება, რომელსაც აფხაზეთიდან დევნილები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსაცდელში გაათევენ.

დევნილები მთავრობისგან ბინებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ცრუ დაპირებებს ისმენენ და 27 წელია ბინის გარეშე არიან.

მოსაცდელში მყოფი დევნილებიდან ზოგი ბინის მიღების უსასრულო მოლოდინშია,ზოგსაც კი იმედი გადაუწურეს და უთხრეს, რომ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნანა ბუკია რადიო თავისუფლებას ესაუბრა:

„ახლა ორმოცამდე ადამიანი ვართ და კიდევ შემოგვიერთდებიან. ვერაფერი შედეგი რომ ვერ მივიღეთ, მივმართეთ უკიდურეს ზომებს, ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ჩვენს უკან ჩვენი შვილიშვილები და შვილები დგანან. როდემდე უნდა ვიხადოთ დევნილებმა საკუთარ ქვეყანაში ქირა. ყველას დავალიანებები გვაქვს, სამინისტრო კიდევ ქირას არ გვიხდის. იყო მოსული მონიტორინგი და დაწერა, რომ გაუსაძლის პირობებში ვართ, ჭერიდან წყალიც ჩამოდის, ჩემი პირობები წლებთან ერთად არ შეცვლილა, მათგან კი მომივიდა წერილი, რომ კრიტერიუმს ვერ ვაკმაყოფილებთ. არავითარი მონიტორინგი მეორეჯერ არ მოსულა და ასეთი პასუხი მივიღეთ, ასე არიან ძალიან ბევრნი კიდევ“.

ნანა ბუკიას თქმით, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, სანამ პასუხისმგებელი პირები არ შეხვდებიან, მინისტრის მოადგილესთან კი შეხვედრა არ სურთ, რადგან ამბობენ, რომ მხოლოდ ფუჭ დაპირებებს ისმენენ.

„მინდა ასევე ვთქვა, რომ პოლიტიკურ ჭრილში ამ ამბის გადატანა არის დიდი ტყუილი, ეს არის სოციალური პროტესტი და ჩვენ ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ ბინებს, რომელიც 27 წელია არ მიგვიღია“, - უთხრა ნანა ბუკიამ რადიო თავისუფლებას.

როგორც რადიო თავისუფლებას სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და საქართველოში თვის ბოლოს დაბრუნდება. მინისტრის მოადგილემ კი აქციის მეორე დღესვე გააკეთა საგანგებო განცხადება.

დევნილები კი არ აპირებენ აქციის შეწყვეტას, სანამ მათ მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ან პრემიერ-მინისტი გიორგი გახარია არ შეხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG