გუშინ ღამე აფხაზეთიდან დევნილებმა ღამე გაათენეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსაცდელში. ისინი მთავრობისგან ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ და მხოლოდ მინისტრ ეკა ტიკარაძესთან შეხვედრა სურთ.
პროტესტის შესახებ დღეს ბრიფინგი გამართა მინისტრის მოადგილმ, გიორგი წოწკოლაურმა:
„მინდა გამოვეხმაურო დევნილების ერთი ჯგუფის მიერ გამოთქმულ პროტესტს, რომელმაც მიიღო პოლიტიკური სახე და სრულად მართულია „ნაციონალური მოძრაობის მიერ. აქციის მონაწილე დევნილები თბილისში ბინების განაწილების კომისიის არაგამჭვირვალე მუშაობას აპროტესტებენ. მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თბილისში 1000-მდე იძულებით გადაადგილებული პირისთვის ბინის გადაცემის საკითხს განიხილავს.
სამინისტრო დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს. ქულათა სისტემა განსაზღვრავს რიგითობას, თუ რომელი დევნილი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირველ რიგში. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რაც სრულ გარანტიას გვაძლევს, რომ კომისია გამჭვირვალედ მუშაობს. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ."
როგორც რადიო თავისუფლებას სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და საქართველოში თვის ბოლოს დაბრუნდება. გეგმის მიხედვით კი, კომისიამ მუშაობა ოქტომბრის პირველ რიცხვებში უნდა დაასრულოს.
ამ მომენტისთვის დევნილები კვლავაც სამინისტროში იმყოფებიან.