Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პირველ ორ კანდიდატს მოუსმენენ


საქართველოს პარლამენტში იწყება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების მოსმენა.

დღეს, 23 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმენენ ორ კანდიდატს - თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს.

ალანია და გაბინაშვილი იყვნენ იმ ათ კანდიდატს შორისაც, რომლებიც იუსტიციის საბჭომ პარლამენტს 2018 წლის დეკემბერში წარუდგინა.

ამ სიას უკმაყოფილება მოჰყვა არა მხოლოდ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის მხრიდან, არამედ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრებს შორისაც. საპარლამენტო უმრავლესობამ მაშინ გადაწყვიტა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს არ განიხილავს და მათი შერჩევის პროცესი გაგრძელდება ახალი პროცედურით და კრიტერიუმებით.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები 2019 წლის გაზაფხულზე განხორციელდა, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის შეფასებით, ამ პროცესმა ვერ უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამართლიანი და ობიექტური პროცესი და ყველაფერი კვლავ სასამართლოში არსებულმა „კლანმა“ გადაწყვიტა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში კანდიდატებისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ სახალხო დამცველს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელს, სამეცნიერი სფეროს ორ და არასამთავრობო სექტორის ერთ წარმომადგენელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG