Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი გაბუნია: ქოიავების ოჯახი შეცდომაშია შეყვანილი


„საჯაროდ მოვუწოდებ ქოიავას ოჯახს, დაასახელონ ის პირი, ვინც უთხრა, რომ მე ნადირაძესთან რაიმე ტიპის კვეთა მქონდა“, - ასე ეხმაურება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულის, ზურაბ ნადირაძის მიერ მოკლული იოსებ ქოიავას ოჯახს.

23 წლის იოსებ ქოიავას მამა, თამაზ ქოიავა ამბობს, რომ სწორედ დიმიტრი გაბუნია მფარველობდა მისი შვილის მკვლელს, ძებნილ ზურაბ ნადირაძეს, რომელსაც დაუსწრებლად შეეფარდა 15-წლიანი პატიმრობა. თამაზ ქოიავას თქმით, დიმიტრი გაბუნია ამისათვის რამდენჯერმე პრაღაშიც იყო ჩასული.

დიმიტრი გაბუნია ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია ზურაბ ნადირაძესთან:

„არ მინახავს ეს ადამიანი თვალით. არანაირი კონსულტაცია არ მიმიცია. როგორც მედიიდან გავიგე, ეს კაცი იმალებოდა დანიაშიო. დანიაში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. რაც შეეხება პრაღას, პრაღაში 15 წლის განმავლობაში მქონდა ადვოკატთა სკოლა, სტუდენტები დამყავდა. მეტი სხვა შეხება პრაღასთან არ მქონია. მე უნდა გავარკვიო, ვინ შეიყვანა ქოიავების ოჯახი შეცდომაში. აუცილებლად დავადგენ. მოვუწოდებ საჯაროდ ქოიავას ოჯახის წევრებს, დაასახელონ ის პირი, ვინც უთხრა, რომ მე ნადირაძესთან რაიმე ტიპის კვეთა მქონდა. დაიდოს ფაქტი, საჯაროდ ვთხოვ. ან ვიდეოჩანაწერი, ან აუდიოჩანაწერი, ან ფოტო, ან რაიმე მინდობილობა, არანაირი კომუნიკაცია არ მქონია მასთან“.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.

შედეგად, სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.

16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.

20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

XS
SM
MD
LG