ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში დაიწყო მნიშვნელოვანი სამიტი კლიმატის საკითხებზე, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს ქვეყნების 60-მდე ლიდერი სიტყვით გამოვა და დადებს პირობას, რომ შეამცირებს ნახშირორჟანგის ემისიებს.
23 სექტემბრის სამიტის წინ, რუსეთი შეუერთდა 2015 წლის პარიზის ხელშეკრულებას კლიმატის შესახებ, რომელიც გლობალური დათბობის ინტენსივობის შემცირებას ისახავს მიზნად. კერძოდ, ამ ხელშეკრულებამ იკისრა ვალდებულება გლობალური ტემპერატურა შენარჩუნებულ იქნეს პრეინდუსტრიულ პერიოდისაზე მაქსიმუმ ორი გრადუსით უფრო მაღლა და იგი უფრო მეტადაც შეზღუდოს, დაიყვანოს ერთნახევარ გრადუსამდე.
როგორც ერთდღიანი სამიტის გახსნისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა თქვა, მოქმედება მყისიერადაა საჭირო. "დედამიწა გამყინავად ყვირის - გაჩერდით", - უთხრა გუტერეშმა ლიდერებს და დასძინა: "თუ ახლავე არ შევცვლით ცხოვრების წესს, საკუთრივ სიცოცხლეს გამოვუთხრით ძირს".
სამიტზე დანიშნული არ არის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა, თუმცა ის დარბაზში მოულოდნელად გამოჩნდა, სხვა ლიდერების მოსასმენად.
ერთდღიანი სამიტი წინ უსწრებს კლიმატის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც მომავალ წელს უნდა დაიწყოს. სამიტამდე გაერომ განაცხადა, რომ 66-მა ქვეყანამ მიანიშნა მზაობაზე, 2050 წლისთვის ნულამდე დაიყვანოს ემისიები.