საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ირანს შორის არსებული ურთიერთობები და მიესალმნენ გააქტიურებულ ხალხთაშორის კონტაქტებს და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.
რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვისას ქართული მხარე დაინტერესდა ბოლო მოვლენებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და სპარსეთის ყურეში.
დავით ზალკალიანმა მოჰამედ ჯავად ზარიფს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოების რთული გარემო და ირანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ბოლო დღეებში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა საქართველოს მიერ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად მიჩნეულ აშშ-სა და ირანს შორის, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა თეირანი დაადანაშაულა საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმაში.