Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულის შახტების მფლობელი "საქნახშირი" აცხადებს, რომ ფინანსური პრობლემების წინაშეა


მეშახტეთა აქცია ტყიბულში. 2019 წლის 24 სექტემბერი
მეშახტეთა აქცია ტყიბულში. 2019 წლის 24 სექტემბერი

ტყიბულის მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტების მფლობელი კომპანია „საქნახშირი“ აცხადებს, რომ რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, რაც დასაქმებულებისთვისაც ცნობილი იყო.

მეშახტეების საპროტესტო აქციის გამო გავრცელებულ განცხადებაში კომპანია აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ შეჩერებულია ნახშირმოპოვებითი სამუშაოები და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შახტებში მიმდინარეობს მხოლოდ სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები.

„მიუხედავად ამისა, მოცემულობიდან გამომდინარე, კომპანიისა და სახელმწიფოს თანადგომით, ამ 13 თვის განმავლობაში უწყვეტად ხდებოდა პერსონალისათვის ხელფასების გაცემა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება და მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა, რაც ყოველთვიურად მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და თითქმის 20 მილიონ ლარამდეა მთლიანობაში. ამ დროისათვის „საქნახშირი“ დადგა რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე. ინფორმაცია ცნობილი იყო დასაქმებულებისათვისაც“, - ნათქვამია „საქნახშირის“ განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისათვის აქტიურ რეჟიშმი აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან, რათა ერთობლივად გამოინახოს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი.

ტყიბულში 30-მდე მეშახტე მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებიდან ამოსვლაზე უარს ამბობს, სანამ მიმდინარე ხელფასს არ მიიღებს და არ მოხდება მეშახტეების სრულად ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივის შესახებ.

ტყიბულში, კომპანია „საქნახშირის“ შახტებში ქვანახშირის მოპოვება 2018 წლის ზაფხულში შეწყდა მას შემდეგ, რაც 16 ივლისს, მინდელის შახტში 4 მაღაროელი დაიღუპა და 6 დაშავდა. მანამდე, 5 აპრილს, ამავე შახტში დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი.

XS
SM
MD
LG