Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულელი მეშახტეები ხელფასის მიღებამდე შახტიდან ამოსვლაზე უარს ამბობენ


ტყიბულელი მეშახტეები(საარქივო ფოტო)
ტყიბულელი მეშახტეები(საარქივო ფოტო)

ტყიბულში 15-მდე მეშახტე მინდელის და ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და უარს ამბობს ამოსვლაზე, სანამ მიმდინარე ხელფასს არ მიიღებს და არ მოხდება მეშახტეების სრულად ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივის შესახებ. ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

პროფკავშირების განცხადებით, მეშახტეებს ხელფასი 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა, კომპანიამ თანხის გარეშე დატოვა და ხელფასის გადახდის თარიღს ვერ ასახელებს.

„მეშახტეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება იმის შანსი, რომ შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება”, - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი „საქართველოს ბანკს“, „ენერგო პრო ჯორჯიას" და „სოკარ გაზს" მოუწოდებს, გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელთა სოციალური მდგომარეობა.

პროფკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ტყიბულელთა შრომის ანაზღაურების გასაცემად და მეშახტეების ინფორმირება, თუ რა გეგმა აქვთ მთავრობას და კომპანიას ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში, კომპანია „საქნახშირის“ შახტებში ქვანახშირის მოპოვება 2018 წლის ზაფხულში შეწყდა მას შემდეგ, რაც 16 ივლისს, მინდელის შახტში 4 მაღაროელი დაიღუპა და 6 დაშავდა. მანამდე, 5 აპრილს, ამავე შახტში დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი.

ასევე გადაწყდა, რომ ნახშირის მოპოვების პროცესის შეჩერების მიუხედავად, მეშახტეებს ხელფასს გადაუხდიდნენ.

პროფკავშირების განცხადებით, შახტში არსებული რისკების და საფრთხეების შესაფასებლად იმუშავა გერმანულმა საექსპერტო კომპანია DMT ჯგუფმა, რომელმაც დასკვნა 2018 წლის დეკემბერში მოამზადა. პროფკავშირების ინფორმაციით, ეს დასკვნა მთავრობას დღემდე არ მიუწოდებია სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG