რუსი მეცნიერები კვლავ მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას, რათა „შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები“ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ. ჯგუფ „1 ივლისში“ გაწევრიანებული მეცნიერები, კერძოდ, მოითხოვენ, რომ შეწყდეს სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით დაკავებული ადამიანების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები. როგორც ღია წერილის ავტორები აღნიშნავენ, ხალხს კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლება პოლიტიკური პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვისა, რაც სამართლდამცველებმა უნდა უზრუნველყონ.
ღია წერილს ხელს აწერენ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, 50-ზე მეტი პროფესორი და აკადემიკოსი.
მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად მოსკოვში ივლისის ბოლოს გამართული არასანქცირებული მსვლელობების დროს, პოლიციამ რამდენიმე ასეული აქტივისტი დააკავა.
მათი დიდმა ნაწილმა პოლიციის წინასწარი დაკავების საკნები დატოვა, მაგრამ რამდენიმეს მიმართ, ე.წ. მოსკოვის საქმის ფარგლებში დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი მათი გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას.
„ასეთ ვითარებაში ჩვენ აუცილებლად მივიჩნევთ, კვლავ მივმართოთ ხელისუფლების ყველა შტოს მოთხოვნით, რათა დაევალოთ სასამართლოებს გადაისინჯოს ე.წ. მოსკოვის საქმეზე და სხვა პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული ადამიანების საქმეები, არ დაუშვან მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, გაათავისუფლონ ყველა განსასჯელი და პასუხისგებაში მიეცნენ რეპრესიების ინიციატორები და შემსრულებლები, მათ შორის, მოსამართლეები, რომლებსაც წინასწარ შედგენილი განაჩენები გამოაქვთ“, - ნათქვამია ცნობილი რუსი მეცნიერების ღია წერილში.