Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოთა გეწაძე: ექსტრემალური გამონაკლისების გარდა, აბორტი უნდა აიკრძალოს


უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, შოთა გეწაძე აბორტის აკრძალვის მომხრეა. ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომან გოცირიძის კითხვის პასუხად თქვა.

„აბორტის ტოტალურ აკრძალვაზე მე არ ვსაუბრობ. პირიქით, მე ამის წინააღმდეგ გამოვდივარ. მე დავწერე, რომ აბორტის სრულად აკრძალვა არის გულუბრყვილობა, არ შეიძლება. არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა, გადაინაცვლა იატაკქვეშეთში. თუ ნაყოფის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ დედის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ ნაყოფის ჩასახვა მოხდა გაუპატიურების გზით, ინცესტის გზით, ასეთ დროსაც ვეთანხმები [აბორტს]“, – განაცხადა გეწაძემ.

„ანუ ექსტრემალური გამონაკლისების გარდა, აბორტი უნდა აიკრძალოს?“ – დაინტერესდა რომან გოცირიძე.

„დიახ, რა არის ამაში უცნაური?!

ერთმანეთს უპირისპირდება ორი მნიშვნელოვანი უფლება - დედის უფლება, თავისი ცხოვრება, ჯანმრთელობა, განკარგოს ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ და მეორე, ნაყოფის სიცოცხლის უფლება. მე ამ მეტად მგრძნობიარე ინტერესთა კონფლიქტს, თუ რამე პატივსადები მიზეზი არ არსებობს აბორტისა, ვწყვეტ ნაყოფის სიცოცხლის სასარგებლოდ. მაგრამ თუ პატივსადები მიზეზი არსებობს - ნაყოფს აქვს მძიმე დაავადება, ან დედის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება ორსულობით, მშობიარობით ან ა.შ., მაშინ საკითხს ვწყვეტ დედის უფლებების სასარგებლოდ. უმარტივესი საკითხია და, ასევე, საჭირო საქართველოსათვის“, - უპასუხა გეწაძემ, რომელსაც აბორტთან დაკავშირებით წარსულში სტატიები აქვს დაწერილი, სადაც ის ციტირებს ნაწყვეტებს საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის ეპისტოლეებიდან. რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ჰკითხა, რამდენად მართებულად მიიჩნევს სამეცნიერო სტატიაში სასულიერო პირების ციტირებას, რაზეც გეწაძემ უპასუხა, რომ ეს სრულიად ჩვეულებრივი რამ არის.

ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მომზადებული პორტფოლიოს მიხედვით, გეწაძე თავის სტატიაში „ემბრიონის/ფეტუსის სიცოცხლის უფლება და დისკრიმინაციული აბორტი“ გამოთქვამს რამდენიმე საინტერესო მოსაზრებას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.

- მას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს სელექციური აბორტების მიმართ;

- შეშფოთებულია აბორტების მზარდი დინამიკით საქართველოში და აბორტს ამართლებს მხოლოდ ინცესტის, ძალადობის ან ჯანმრთელობის რისკების შემთხვევაში.

გეწაძე სტატიაში წერს, რომ „აბორტის თემა ყოველთვის აქტუალური იყო საქართველოში, თუმცა, მასზე მსჯელობა განსაკუთრებით აქტუალურ ფაზაში შევიდა კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის 2013 წლის სააღდგომო ეპისტოლეს შემდეგ“.

რომან გოცირიძემ აბორტზე საუბრის შემდეგ შოთა გეწაძეს ჰკითხა, რას ფიქრობდა ის ეკლესიის მხრიდან სიძულვილის ჯგუფების მხარდაჭერასა და უმცირესობების უფლებების შელახვის შემთხვევებზე, რაზეც მან თქვა, რომ ეკლესიას ჰქონდა უფლება, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოეცხადებინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG